წინასაარჩევნო გარემო

ქართული ოცნების მომხრეები ენმ-ის წევრებს ანაკლიაში ბრიფინგს არ ატარებინებენ

ანაკლიაში, კოალიცია ქართული ოცნების მომხრეები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, თავისუფალი ზონის რამდენიმე წევრი სააადმყოფოში გადაიყვანეს.

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების დაგეგმილი ბრიფინგი ქართული ოცნების აქტივისტებმა გააპროტესტეს. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, კოალიციის წარმომადგენლები მოითხოვენ, ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა ანაკლიის ტერიტორია დატოვონ. მათი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა 9 წლის განმავლობაში ძალადობდა ხალხზე და უფლება არ აქვთ, ანაკლიაში ბრიფინგი ჩაატარონ.

აღსანიშნავია, რომ ამავე მიზეზით არ უშვებდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან.

კომენტარები