აგრარული უნივერსიტეტი

შაშკინი: ეს იყო არა პრივატიზაციის, არამედ განათლების წარმატებული პროექტი

დიმიტრი შაშკინი
tabula.ge

განათლების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის შეფასებით, კახა ბენდუქიძის მოწმის სახით პროკურატურაში დაბარება პოლიტიკური პროცესია. აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებაში თავად დიმიტრი შაშკინსაც კითხავენ.

"გაპარტახებული, კორუმპირებული სასოფლო უნივერსიტეტი გადაიქცა თანამედროვე ტიპის უნივერსიტეტად, რომელიც ერთ-ერთი მოთხოვნადი უნივერსიტეტია დღეს სტუდენტებში. ჩემი ამოცანაა ავუხსნა პროკურორს, რომ ეს არ იყო პრივატიზაციის პროექტი, ეს იყო განათლების კონკრეტული, წარმატებული პროექტი, რომელიც მთავრობის განკარგულებით არის დადგენილი”, - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

მისი შეფასებით, საქმე აბსურდულია.

"მაგალითად, საქართველოს მოსახლეობის 80% ცხოვრობს პრივატიზებულ ბინებში. ახლა თქვენთან რომ მოვიდეს ჩინოვნიკი და გითხრათ, იცით, რა, თქვენ რომ გადაიხადეთ, ვთქვათ, 100 მანეთი ან 500 კუპონი ამ პრივატიზაციაში, ახლა საბაზრო ფასი სულ სხვაა თქვენი ბინის და უნდა წაგართვათ. მგონი, გესმით, რა აბსურდთან გვაქვს საქმე", - თქვა განათლების ყოფილმა მინისტრმა.

აგრარული უნივერსიტეტის საქმეზე დაკითხვაზე იმყოფება უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე. ამასთან, გუშინ ცხრა საათის განმავლობაში კითხავდნენ აგრარული უნივერსიტეტის რექტორს ლაშა გოცირიძეს.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება სსიპ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებას. უწყების მტკიცებით, სსიპ სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციისას, მასთან შერწყმული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება შპს აგრომეტის კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შევიდა, შემდეგ კი, მოხდა შპს აგრომეტის 100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზება 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით.

"მაშინ, როდესაც შპს აგრომეტის საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონებების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირდა სხვა ქონებების ღირებულებებიც", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს კახა ბენდუქიძეს მოწმის სახით დაკითხავენ.

კომენტარები