რუსული ბაზები

ვაშაძე: გასაკვირია, რატომ ანდობს ქართული ოცნება კალაძეს განცხადების გაკეთებას

BPN.GE

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "მართლა გასაკვირია, რატომ ანდობს ქართული ოცნება საგარეო პოლიტიკაში ასეთ უსუსურ პოლიტიკოსს განცხადების გაკეთებას". გიორგი ვაშაძე ენერგეტიკის მინისტრის და ვიცეპრემიერის კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ კალაძემ კიევში მიმდინარე მოვლენები ერთ ქუჩაზე არეულობამდე დაიყვანა.

"ალბათ, ისიც არ იცის ბატონმა კალაძემ, რომ საქართველოს ტერიტორია სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს დატოვა რუსულმა ბაზებმა, მათ შორის - ახალქალაქში, ბათუმში, იურიდიულად გუდაუთაშიც და სწორედ იმიტომ, რომ რუსული შენაერთები დგანან ცხინვალის და აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს ტერიტორიები ითვლება ოკუპირებულად საერთაშორისო სამართლის შესაბამისად", - განაცხადა ვაშაძემ.

ვიცეპრემიერის კახა კალაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრების გამოსვლები სასაცილოდან, ქვეყნის პოლიტიკისათვის სახიფათო ფაზაში გადადის.

"ნაციონალური მოძრაობა თავისი ჩვეული, ისტერიული განცხადებებით ცდილობს ყურადღების მიქცევას, წარმოშობილი პრობლემის გაღრმავებას და დესტრუქციას. ნაციონალური მოძრაობის თვითპიარზე ორიენტირებული გამოსვლები სასაცილოს ფაზიდან უკვე გადავიდა იდიოტიზმის და ქვეყნის პოლიტიკისთვის სახიფათო სტადიაზე. ამ პარტიის წარმომადგენელი, ბატონი ვაშაძე ბედავს და სატელევიზიო ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში რუსული ჯარი არ დგას. მცოცავი ოკუპაციის ფონზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას, სიტუაციის მონიტორინგს საოკუპაციო ზონაში, უკრაინასა და რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას", - აღნიშნავს კალაძე მიმართვაში.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში უკრაინის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ახალი გეოპოლიტიკური განლაგება ხდება.

"საფრთხეს, რა თქმა უნდა, ქმნის რუსეთის ჯარები, რომლებიც განლაგებულია უკრაინის ტერიტორიაზე. ეს დიდი საფრთხეა და მადლობა ღმერთს, რომ ამ საფრთხისგან ჩვენ, მაგალითად, თავისუფალი ვართ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ბოლო ათი წლის მანძილზე არის ის, რომ საქართველოში რუსული ჯარი აღარ არის, რაც ცალსახა საფრთხეა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღეს უკრაინაში ახალი გეოპოლიტიკური განლაგება ხდება", - თქვა ვაშაძემ.

კომენტარები