არეულობა უკრაინაში

ომბუდსმენი: უკრაინაში პროცესების უმართავობის საფრთხე დღითი დღე იზრდება

news.ge

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, უკრაინაში ყოველდღე ფეხქვეშ ითელება ცივილიზებული სამყაროს უდიდესი მონაპოვარი - ადამიანის უფლებები. ომბუდსმენი დაღუპულთა ოჯახებს და უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

"საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩემი, როგორც სახალხო დამცველის უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება, მაგრამ არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე უკიდურესად შემაშფოთებელ მოვლენებს. ჩვენს თვალწინ ყოველდღე ფეხქვეშ ითელება ცივილიზებული სამყაროს უდიდესი მონაპოვარი - ადამიანის უფლებები. მაშინ, როდესაც სახელმწიფო უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარი გარანტორი, დღეს უკრაინაში სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები გვევლინებიან ამ უფლებების მთავარ დამრღვევად. მომიტინგეების მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე, სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტებით პასუხი სცდება საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებათა სტანდარტებს. დაპირისპირების შემდგომი ესკალაციისა და პროცესების უმართავობის საფრთხე დღითი დღე იზრდება, რასაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. საკუთარი მოქალაქეების ყველაზე წარუვალი უფლების - სიცოცხლის უფლების დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა და განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ის, რომ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სასიკვდილო ძალის გამოყენებით უსწორდებიან საკუთარ მოქალაქეებს. უკრაინელი ერის ისტორიის ამ მეტად მძიმე წუთებში მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებას აქვს საუკეთესო საშუალება, უთხრას არა ძალადობას, დაპირისპირებასა და ხალხის ნების თავისუფლად გამოვლენის შეზღუდვას. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და თანადგომით, უკრაინელი ხალხის შინაგანი სიმტკიცისა და გონიერების დახმარებით, სისხლისღვრა მალე შეჩერდება და ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა ფაქტი სათანადოდ იქნება გამოძიებული", - აცხადებს სახალხო დამცველი.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად კიევში 77 ადამიანია დაღუპული, თუმცა, მედიასაშუალებები ინფორმაციას 100-მდე დაღუპულის შესახებ ავრცელებენ.

უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე არეულობისას საქართველოს ორი მოქალაქე, დათო ყიფიანი და ზურაბ ხურცია დაიღუპნენ. ყიფიანი ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი ზონის აქტივისტი იყო. თავისუფალი ზონის ცნობით, ყიფიანს სნაიპერის ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

ზურაბ ხურცია კი, შეტაკებების ეპიცენტრში, გულის შეტევამ იმსხვერპლა.

კომენტარები