პუტინთან შეხვედრა

ღარიბაშვილი: მე მაქვს მზაობა პირისპირ შევხვდე რუსეთის ხელმძღვანელობას

მე მაქვს მზაობა პირისპირ შევხვდე რუსეთის ხელმძღვანელობას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ

გასულ წელს მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ნორმალიზების კუთხით.

"ეს ჩვენი ახალი კონსტრუქციული პოლიტიკა მოწონებულ იქნა საერთაშორისო არენაზე. მე მინდა ხაზი გავუსვა - აბსოლუტურად ყველამ მოიწონა საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთის მიმართ წარმოებული პოლიტიკა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწოდეს ევროკავშირმაც, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ კიდევ უფრო გავააქტიუროთ ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან. რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება პირდაპირი დილოგი. გვაქვს ასეთი განწყობა გუნდში, რომ მოხდეს ასეთი პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელმძღვანელობასთან", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ რა ფორმატის იქნება ეს შეხვედრა, როდის გაიმართება და სად. „ამ დეტალებზე ჯერ თავს შევიკავებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ასეთი მზაობა ჩვენც გვაქვს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი პრობლემა, გადაუჭრელი საკითხი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის გამართვას სერიოზული მომზადება სჭირდება. „მით უმეტეს, ასეთი პაუზის შემდეგ. ასეთი ტიპის შეხვედრა უნდა იყოს გასაგები ყველასთვის პირველ რიგში ჩვენი ხალხისთვის. თუ ამ საკითხზე დაიწყება ინტენსიური მოლაპარაკება, ამას დასჭირდება სერიოზული დაგეგმვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები