არეულობა უკრაინაში

ევროპარლამენტი უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს

ევროპარლამენტმა 6 თებერვალს უკრაინის საკითხზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში დაგმობილია ძალადობა უკრაინაში და აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მოამზადონ პერსონალური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხს აგებს უკრაინაში აქციის მონაწილეთა დაღუპვაზე. კერძოდ, საუბარია მათთვის ევროკავშირში შემოსვლის აკრძალვასა და მათი აქტივებისა და ქონების გაყინვაზე. სანქციები არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებსა და პარლამენტარებზე, არამედ ოლიგარქებზეც უნდა გავრცელდეს.

ევროპარლამენტარებმა მიუწოდეს უკრაინის ხელისუფლებას გამოიძიოს როგორც პოლიციის, ასევე პროსამთავრობო არაფორმალური დაჯგუფებების მიერ ჩადენილი დანაშაულები, მაიდანის მონაწილეებს კი – თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან, რათა საპროტესტო მოძრაობის ლეგიტიმურობა შეინარჩუნონ. დოკუმენტო მოუწოდებს ხელისუფლებას ყველა დაკავებული უპირობოდ გაათავისუფლოს, მიღებული ამნისტიის აქტი კი „მძევლების აყვანად" არის შეფასებული.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, უკრაინის დასახმარებლად ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი მოამზადოს, რომელიც ევროპამ „საიმედო დროებით მთავრობას" უნდა შესთავაზოს.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უკრაინაში ევროპარლამენტის მუდმოვმოქმედი მისიის შექმნას.

ევროპარლამენტარები ასევე გმობენ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე და მოუწოდებენ მოსკოვს, მეზობლების თავისუფალ არჩევანს პატივი სცეს.

კომენტარები