ქურდული სამყარო

სუბარი: ხელისუფლების პოზიციაა, რომ ქურდულ სამყაროსთან მიდგომა არ გადაიხედება

სოზარ სუბარი
Georgian Times

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, "ხელისუფლების პოზიციაა, რომ ქურდულ სამყაროსთან მიდგომა არანაირად არ გადაიხედება". აღნიშნული კომენტარი მან ვახტანგ ხმალაძის განცხადებაზე გააკეთა.

"მან თქვა, რომ თუ რამე დასაზუსტებელია, შეიძლება დაზუსტდეს. პრაქტიკა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა იყენებდა, არ იყო სწორი, მაგრამ მიდგომა არ გადაიხედება არანაირად. ეს არის არა ჩემი, არამედ ხელისუფლების დამოკიდებულება. ის, რომ არასწორი პრაქტიკა იყო, ეს არ იძლევა გადახედვის საფუძველს. თუ რაიმე დახვეწა იქნება კანონით შესაძლებელი, კანონმდებლობა ყოველთვის იხვეწება", - თქვა სუბარმა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ვახტაგ ხმალაძის აზრით, ქურდული სამყაროს წევრობასთან და კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი გადასახედია.

დეპუტატმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე "სისხლის სამართლის კოდექსის" 223/1-ე მუხლის ხარვეზზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონში ჩადებული ნორმა ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს ვერ აკმაყოფილებს.

"კანონის ეს ნორმა არ მომწონს და თავის დროზე, როცა შემოიღეს, ძალიან კრიტიკულად ვუდგებოდი. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება უნდა იყოს შეფასებითი, თუ რა არის ეს. კანონში ჩადებული ნორმა ვერ აკმაყოფილებს ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს და ჩემთვის ეს არის მნიშველოვანი და პრობლემური. ზუსტად უნდა განისაზღვროს, რა არის კანონიერი ქურდობა და ქურდული მენტალიტეტი და უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტულ მოქმედებასთან, რომლის გამოც შეიძლება პირი გასამართლდეს. უტრირებას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ იმის გამო, რომ ვთქვათ, მე მომწონს ქურდები და მომწონს ქურდული ურთიერთობები, ამის გამო არ შეიძლება ციხეში ჩამსვან", - თქვა ხმალაძემ.

კომენტარები