საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

კობახიძე: GPB-ს მეურვეებთან დაკავშირებით არ უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა

news.ge

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ისეთი შემადგენლობით უნდა დაკომპლექტდეს, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება. მისივე თქმით, საბჭოს კანდიდატურებთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა თავად უმრავლესობაში, რადგან საუბარია მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე. კობახიძე აღნიშნავს, რომ ამ თემაზე მმართველ გუნდში კონსულტაციები გაგრძელდება. 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კანდიდატების წარდგენის საკითხს ერთპიროვნულად არ წყვეტს არც მანანა კობახიძე, არც დავით უსუფაშვილი. ეს გადაწყვეტილება მისაღებია ფრაქციების მიერ, უმრავლესობის მიერ, უმცირესობის მიერ. ასე რომ, ჩვენ ვიმსჯელებთ, განვიხილავთ და მიიღება ის გადაწყვეტილება, რაც მისაღებია უმრავლესობისთვის, რადგან ამ შემთხვევაში პარლამენტი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და მას სჭირდება ხმათა ის აუცილებელი რაოდენობა, რაც კანონით არის გათვალისწინებული", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

ცნობისთვის, 27 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა. ცხრიდან ექვსი ადგილი ვაკანტური დარჩა. უმრავლესობამ მხოლოდ ერთი, ხოლო უმცირესობამ ორი კანდიდატი წარადგინა. მათ სამ-სამი კანდიდატის დასახელება შეეძლოთ. 

გუშინ სახალხო დამცველმა საკუთარ კანდიდატად მეორედ დაასახელა ლელა გაფრინდაშვილი. 

კომენტარები