GEFA

GEFA: დინამო თბილისი ფეხბურთელებს არასპორტული მიზეზით უწყვეტს ხელშეკრულებებს

საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ დინამო თბილისის ხელმძღვანელობა ფეხბურთელთა გარკვეულ ნაწილს სხვადასხვა არასპორტული მიზეზით ხელშეკრულებებს უწყვეტს. GEFA ფეხბურთელებს მოუწოდებს, კლუბის შეთავაზებას ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ დაემორჩილონ და ამასთან, დახმარებას ჰპირდებიან.

საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის დინამოს ფეხბურთელების დიდ ნაწილს კლუბი "გაახალგაზრდავების", "ბიუჯეტის შემცირების" თუ სხვა არასპორტული საფუძვლით უწყვეტს ხელშეკრულებებს.

მოვუწოდებთ ყველა იმ ფეხბურთელს, ვისაც ე.წ. "წმენდა" შეეხო, რომ დინამოს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მოტივით შეთავაზებულ არანაირ დოკუმენტზე ხელი არ მოაწერონ და მოგვმართონ დახმარებისთვის. ჩვენ მზად ვართ თითოეული ფეხბურთელის ინტერესი დავიცვათ, როგორც ეს აქამდე გვიკეთებია და გარწმუნებთ, რომ უკანონო მოქმედება არავის შერჩება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ქართულ ფეხბურთში ხელშეკრულების პირობების პატივისცემა და თითოეულმა მხარემ უნდა იცოდეს რომ ვალდებულების დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.

გთხოვთ, გაავრცელოთ ჩვენი მიმართვა რომ თითოეულ ფეხბურთელამდე მივიდეს ეს ინფორმაცია," - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები