თურქეთსა და ევროკავშირს შორის არალეგალურ მიგრანტებთან დაკავშირებით შეთანხმება გაფორმდა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირს უფლება ექნება თურქეთში დააბრუნოს ის მიგრანტები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში თურქეთის ტერიტორიის გავლით არალეგალურად მოხვდნენ.
შეთანხმებას ხელი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახმეთ დავითოღლუმ და საშინაო საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა მოაწერეს.
არალეგალური მიგრაციის ერთ-ერთი უმთავრესი მარშრუტი ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან სწორედ თურქეთზე გადის. ამ საკითხზე მოლაპარაკება წლების განმავლობაში მიმდინარეობს. თუმცა, მხარეები შეთანხმებას ძირითადად ანკარის უკმაყოფილების გამო ვერ აღწევდნენ, რაც თურქეთის მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა.
შეხვედრაზე მხარეები ვიზების გამარტივების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზეც შეთანხმდნენ.





