ეუთო-ს მინისტერიალი

ფანჯიკიძე: რუსეთმა გაააქტიურა უკანონო ქმედებები

კიევში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გამოვიდა. საქართველოს მთავარმა დიპლომატმა ევროინტეგრაციაზე, რუსეთთან ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ფანჯიკიძემ ევროპას რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა.

"ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ქვაკუთხედია, რომელიც განსაზღვრულია ქართველი ხალხის არჩევანით და, ამავდროულად, გამყარებულია ჩვენს იდენტობაში. ვრჩებით რა ერთგული ევროპული არჩევანის მიმართ, საქართველოს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. სამწუხაროდ, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის აღდგენის პარალელურად, რუსეთმა გაააქტიურა უკანონო ქმედებები. ახლა, როდესაც მე გესაუბრებით, რუსეთი ავლებს მავთულხლართებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში. ამით აშორებს ერთმანეთისგან ხალხს ოჯახებს და სოფლებს. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ ფორუმიდან რუსეთის ფედერაციას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისკენ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მეორე დღეა, კიევში ეუთო-ს მინისტერიალი მიმდინარეობს.

კომენტარები