ცივი იარაღის ტარება

პარლამენტში ეროვნულ სამოსზე ხანჯლის ტარების შესაძლო აკრძალვაზე იმსჯელეს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. საკითხის განხილვისას, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გაიხსენა რამდენიმე დღის წინ, კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტი, როდესაც, გავრცელებული ინფორმაციით, "ჩოხოსნებმა" ორი მამაკაცი ხანჯლით დაჭრეს.

ხმალაძე დაინტერესდა, რა შეიძლება ითქვას ასეთი შემთხვევების დროს, როცა კანონით ნაციონალურ სამოსზე იარაღის ტარება არ იკრძალება. მისი თქმით, თუკი ხანჯალი დასაშვებია, მაშინ რატომ იკრძალება დანა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით კი, ამ შემთხვევაში უწყება გამონაკლისს უშვებს. 

„თუ ეროვნულ ტანისამოსში იმყოფება პიროვნება, ხანჯალი ამ ტანისამოსის განუყრელი ნაწილია და, ბუნებრივია, ეს საგამონაკლისო შემთხვევად დარჩება. უმრავლესობა დაეთანხმა ჩვენს მოსაზრებას. ეს არის ჩვენი ტრადიციის ნაწილი და, ბუნებრივია, ათასში ერთხელ თუ ასეთი შემთხვევები მოხდა, ამას პრევენციისათვის სამართალდამცავების მხრიდან გარკვეული მობილიზება დასჭირდება“, - ამბობს იზორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ცივი იარაღის ტარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება. ქუჩებში, ეზოებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, კაფეებში, რესტორნებში, ტრანსპორტში, ავტო და რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება პირის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, სამართალდამრღვევს 1000-ლარიანი ჯარიმა, ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება. ამასთან, შსს კანონპროექტში იმ კონკრეტულ გარემოებებზე მიუთითებს, რა შემთხვევაშიც პირს სანქცია არ დაემუქრება. მათგან ერთ-ერთი ნაციონალური სამოსელის ტარებაა, როდესაც ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ასეთი სამოსელის ნაწილია.

 

კომენტარები