საქართველო-რუსეთი

ზაქარეიშვილი: მოლოდინი, რომ რუსეთთან რაღაც შეიძლება გამოსწორდეს, არასწორია

ტაბულა

ვილნიუსის სამიტამდე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებები, მაგრამ ქართული მხარე ამაზე არ უნდა წამოეგოს და გაუძლოს წნეხს, - ეს განცხადება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.

"ჩემი აზრით, ნებისმიერი მოლოდინი, იმედი, რომ რუსეთთან რაღაც შეიძლება გამოსწორდეს, არასწორია. ამიტომ ჩვენი მთავრობა მკაფიოდ მიდის დასავლეთ სტრუქტურებისკენ. ჩვენ და მოლდოვა დავრჩით და, ბუნებრივია, მოსალოდნელია გარკვეული ზემოქმედება. ამდენი ხანი ვუძლებდით წნეხს, მაისიდან მოყოლებული ვუძლებთ და უნდა გავუძლოთ ბოლომდე. ოკუპაცია სამწუხაროდ გრძელდება, ხდება გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლება და დაფიქსირება რუსული ოკუპაციის ადგილზე ყოფნისა, რაც ამდენ ხანს იყო პატრულირების ფორმით. რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს, გამოიწვიოს პროვოკაციაზე, რაღაც აგრესიულ ქმედებაზე, რათა ევროპას შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება შემდეგი ნაბიჯი გადადგას ევროპაში ინტეგრაციისკენ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის ზონის მიმდებარე რეგიონიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი ქართველი დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, დაკავებული ქართველები ცხინვალის ციხეში იმყოფებიან. 

 

კომენტარები