მოლდოვაში კომუნისტები ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკას აპროტესტებენ

მოლდოვას  დედაქალაქ  კიშინოვში ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკის გასაპროტესტებლად 15 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. აქცია მოლდოვის კომუნისტური პარტიის მიერ იყო ორგანიზებული.  მოლდოვის ხელისუფლება, ნოემბრის ბოლოს, ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას გეგმავს.

კომუნისტური პარტიის ლიდერის ვლადიმირ ვორონინის თქმით, მოლდოვას დამოუკიდებლად შეუძლია დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება და მხოლოდ საბაჟო კავშირში(სადაც რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი შედიან) გაერთიანება მისცემს მას სრულფასოვნად განვითარების საშუალებას. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა მოითხოვეს.

”ხელისუფლება საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს, ხალხს და პარლამენტს არაფერს ეკითხება. მალე ისინი გასაიდუმლოებულ დოკუმენტს მოაწერენ ხელს ვილნიუსში, რითაც ცინიკურად და უხეშად არღვევენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონებს” - განაცხადა ვორონინმა.

მოლდოვა უკრაინასთან ერთად რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, სექტემბერში რუსეთის ხელისუფლებამ მოლდოვური ღვინოს იმპორტზე ემბარგო დააწესა, მიზეზად კი სანიტარული ნორმების დარღვევა დაასახელა.

 

 

კომენტარები