სავიზო რეჟიმის გამკაცრება

მთავრობა სავიზო რეჟიმსა და იმიგრაციულ პოლიტიკას ამკაცრებს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საქართველოს მთავრობა სავიზო რეჟიმსა და იმიგრაციულ პოლიტიკას ამკაცრებს. დღეს ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლა და 360 დღის განმავლობაში დარჩენა, მსოფლიოს 118 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, მათ კი, ვისაც ვიზა ესაჭიროება, გამარტივებულად - უმეტეს შემთხვევაში საზღვრებზე იღებს. ამიერიდან კანონი აღარ მოიცავს იმ ქვეყნების ნუსხას, რომლის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცემათ. აღნიშნული ქვეყნები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

საქართველოში უცხოელთა ყოფნის საფუძვლები, ვიზის და ბინადრობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული პროცედურები, ასევე საქართველოდან უცხოელთა გაძევების საფუძვლები და პროცედურები “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონპროექტით მთლიანად გადაიხედა. ამ მიმართულებით სრულიად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიამ მოამზადა და ის პარლამენტს წარედგინა.

კანონის მოქმედი რედაქციით, საზღვარგარეთ ვიზას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები გასცემენ, საზღვარზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო ქვეყნის შიგნით მყოფ უცხოელებზე ვიზის მოქმედების ვადას - იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტო.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად კი, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს უცხოელებზე ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება ერთმევა. საქართველოს ვიზის გაცემა მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების მიერ მოხდება და მხოლოდ ცალკეულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ამას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო - სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე. ვიზის გაცემის განსაკუთრებული შემთხვევები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

პარლამენტში წარდგენილი ინიციატივით, ვიზის კატეგორიებს საიმიგრაციო ვიზა დაემატება, ხოლო სამსახურეობრივი ვიზის კატეგორია, სპეციალური ვიზის კატეგორიით იცვლება. ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება ვიზის ორი ტიპი - მოკლევადიანი და გრძელვადიანი.

პროექტით, მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. მრავალჯერადი ვიზა იმ უცხოელებზე გაიცემა, რომელთაც წინა წელს მიღებული აქვთ საქართველოს ერთი ვიზა მაინც, რომელიც გამოიყენეს და არსებობს მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნის საფუძველი. გრძელვადიანი ვიზა კი, გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით 90 კალენდარული დღის მოქმედების ვადით და წარმოადგენს დიპლომატიური აკრედიტაციის ან ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობას.

იცვლება ბინადრობის ნებართვის გაცემის წესებიც. კერძოდ, გაუქმებულია მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობა პირებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო. იზღუდება იმ პირთა წრეც, რომელზეც ოჯახის გაერთიანების საფუძვლით ბინადრობის უფლება გაიცემა. კერძოდ, გაუქმებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის შვილიშვილზე, და-ძმაზე, ბაბუასა და ბებიაზე ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობა.

კანონპროექტის ერთ-ერთი სიახლეა უცხოელების საქართველოდან გაძევების დეტალური რეგლამენტაცია. პროექტის მიხედვით, გაძევების მიმღებ ორგანოდ შსს განისაზღვრება და უცხოელი საქართველოდან შეიძლება გაძევებული იქნას რამდენიმე მიზეზით, მათ შორის, ისეთ შემთხვევაში, თუ იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში. თუმცა, ქვეყნიდან არ შეიძლება გაძევებული იქნეს უცხოელი, რომელიც საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს, უცხოელი 180 ლარით დაჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან სამ თვემდე პერიოდში, ქვეყანას არ დატოვებს. თუ უცხოელი ამ ვადას სამ თვეზე მეტხანს გააგრძელებს, 360 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის წესების დარღვევა 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო თუ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები, ან ფიზიკური პირები უცხოელების ან მოქალაქეობის არმქონე პირების მოწვევას, მომსახურებას, საქართველოში ცხოვრებას, მუშაობასა და სწავლას, არსებული წესის დარღვევით უზრუნველყოფენ, ისინი 1000 ლარით დაჯარიმდებიან. ამასთანავე, თუ გადამყვანი კომპანიები კანონით დადგენილ წესებს დაარღვევენ, სახმელეთო ტრანსპორტირების შემთხვევაში, მათი დაჯარიმება 300 ლარის ოდენობით მოხდება, საზღვაო ტრანსპორტის შემთხვევაში 1000 ლარით, საჰაერო ტრანსპორტის შემთხვევაში კი, 1500 ლარით. 

“არსებული სავიზო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში დაურეგულირებელი იმიგრაციული პროცესები წარმოიშვა, რომელთა მოსაწესრიგებლად, უპირველეს აუცილებლობას სავიზო პოლიტიკის შეცვლა და უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა წარმოადგენს, რომელიც განახორცილებს კონტროლს ქვეყანაში უცხოელთა ლეგალურად შემოსვლაზე და ყოფნაზე”, - განმარტავს პროექტის ავტორი და ინიციატორი სამთავრობო კომისია.

კომენტარები