ახალი რეგულაციები წამლებზე

მეორე ჯგუფის მედიკამენტები და შესაძლოა წნევის მარეგულირებლებიც მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება

მომავალი წლიდან ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ამოქმედდება. მოქალაქეები ექიმის რეცეპტის გარეშე მეორე ჯგუფის მედიკამენტებსაც ვეღარ იყიდიან.

ისინი, ვისაც ანტიბიოტიკები, გულსისხლძარღვთა დაავადებების საშუალებები, ჰორმონები და ონკოლოგიური პრეპარატები სჭირდება, მათ შეძენას მხოლოდ ექიმის რეცეპტით შეძლებენ. შესაძლოა ამ სიას წნევის მარეგულირებელი პრეპარატებიც დაემატოს. აკრძალვები დაწესდება არასრულწლოვნებზე წამლების მიყიდვაზეც.

მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის პირველადი ჯარიმა 1000 ლარია და მას აფთიაქი გადაიხდის. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმის თანხა გაორმაგდება. მესამედ კი - აფთიაქს საქმიანობა შეუჩერდება.
საკანონმდებლო რეგულაციებს მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.

მომხრეების არგუმენტები

რეგულირების გამკაცრების მომხრეების მთავარი არგემენტები ის არის, რომ ნარკომანიის შემთხვევები შემცირდება და მედიკამენტების მიზანმიმართულად და რაციონალურად გამოყენებას შეუწყობს ხელს.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, მეორე ჯგუფის მედიკამენტებში, მაგალითად, პრეპარატი ანდანტე საძილე საშუალებაა, მაგრამ გადაჭარბებული დოზებით მისი მიღება იწვევს ნარკოტიკულ თრობას. ხუნდაძის თქმით, თუ კანონმდებლობაში ცვლილებები არ შევა, ნარკოტიკული მიზნებისთვის მედიკამენტების გამოყენება ხელმისაწვდომი და პოპულარული იქნება განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექციის უფროსის დავით მაჭარაშვილის თქმით, მედიკამენტების ურეცეპტოდ ყიდვა ზრდის დანახარჯებს. "პრობლემა არ ქრება, ექიმთან მაინც გიწევს წასვლა, სულ სხვა დანიშნულება ხდება საჭირო და მედიკამენტების ყიდვა ისევ გიწევს. საბოლოო ჯამში, მკურნალობა ძვირდება", - ამბობს მაჭარაშვილი.

მოწინააღმდეგეების არგუმენტები

საკანონმდებლო ცვლილებების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული მიზნების მიღწევა რეგულირების გამკაცრების გზით ვერ მიიღწევა.

მედიკამენტების უმრავლესობას, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, მხოლოდ რეცეპტით უნდა გაიყიდოს, როგორც წესი, პაციენტები პროფესიონალური რჩევის გარეშე არ ყიდულობენ. გარდა ამისა, ამ ტიპის მედიკამენტების გამოყენება, როგორც წესი, მწვავე დაავადებების დროს ხდება საჭირო - ოჯახის ექიმთან კონსულტაციას კი რიგში ჩადგომა და დრო სჭირდება, რაც შეიძლება პაციენტისთვის უფრო დიდი პრობლემა გახდეს.

ამასთან, რეცეპტით მედიკამენტების გაცემა მკურნალობის ხარჯებს გაზრდის. დღეს ექიმთან კონსულტაცია, საშუალოდ, 20-25 ლარი ღირს. უფრო ე.წ. პრესტიჟულ სამედიცინო დაწესებულებებში კი პაციენტს 50 ლარის გადახდაც უწევს. იმისთვის, რომ ექიმმა რეცეპტი გამოწეროს, პაციენტისთვის კონსულტაციის გავლა აუცილებელი იქნება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის თქმით, თუკი მთავრობა მედიკამენტების რეგულირებას გადაწყვეტს, მაშინ იმაზეც უნდა იზრუნოს, რომ ეს ხარჯები მოსახლეობისთვის დაბალი იყოს.

სამედიცინო ხარჯების ხელოვნურად გაკონტროლება ხარისხის დაცემას და გრძელვადიან პერსპექტივაში იმ პროდუქტების და მომსახურების დეფიციტს გამოიწვევს, რომელზეც ხელოვნურად დაბალი ფასის გამო იმაზე გაცილებით მეტი მყიდველი გაუჩნდება, ვიდრე მიმწოდებელი არსებობს.

მედიკამენტების მკაცრი რეგულირების შემთხვევაში, გაჩნდება შავი ბაზარი, რომელიც შეეცდება შეავსოს სახელმწიფოს ჩარევით გაჩენილი ხვრელები: აკრძალული მედიკამენტები გაიყიდება ბაზრის მიღმა, ბევრად უფრო მაღალ ფასში.

მედიკამენტების მკაცრი რეგულირების პირობებში გაიზრდება კორუფციის საფრთხეც. იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ყოველ ჯერზე ექიმთან ვიზიტი, პაციენტები შეეცდებიან უკანონო გარიგებაში შევიდნენ ექიმებთან. იგივე შეიძლება მოხდეს ექიმებსა და აფთიაქებს შორისაც.

საჯარიმო სანქციების გაზრდა განსაკუთრებით დააწვება წნეხად პატარა ზომის კომპანიებს, რომლებიც ისედაც პატარა მოგებაზე მუშაობენ და ცდილობენ, კონკურენცია გაუწიონ შედარებით მოზრდილ კომპანიებს. შესაბამისად, შეიზღუდება კონკურენცია, რაც ბაზარზე ფასების ზრდას შეუწყობს ხელს.

მედიკამენტების გაძვირება ეჭვქვეშ დააყენებს მთავრობის მიერ დეკლარირებულ პრიორიტეტს - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას: ხარჯების ყველაზე მზარდი და არაბუნებრივად დიდი წილი სწორედ წამლებზე მოდის. სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში პაციენტები მედიკამენტებზე საშუალოდ ორჯერ იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე ევროპაში.

კომენტარები