წინასაარჩევნო გარემო

ნადირაშვილი: ენმ-ის აქტივისტს ქართული ოცნების აქტივისტებმა ვიდეოკამერა წაართვეს

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დღეს რუსთავში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს ქართული ოცნების აქტივისტებმა ვიდეოკამერა წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ჩვენი აქტივისტი იღებდა ოცნების კოორდინატორ ქალბატონებს, რომლებიც კანონით აკრძალულ ადგილზე აკრავდნენ პლაკატებს. ქართული ოცნების ოფისიდან მოსულმა რვა ადამიანმა მას ხელები გადაუგრიხა, შეურაცხყოფა მიაყენა და კამერა წაართვა. კამერა არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის საკუთრება. ვფიქრობთ, რომ გადაღებული მასალა უკვე წაშლილია", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა. მისივე თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ ამის შესახებ პოლიციაში უკვე განაცხადა.

"ინციდენტში მონაწილე პირებს და დაზარალებულს უკვე კითხავენ. მე ვთვლი, რომ პოლიციამ ეს საქმე უნდა მიიყვანოს ბოლომდე, რადგან ადამიანი ფიზიკურად შეურაცხყვეს. იმედი მაქვს, რომ ამის თაობაზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება, ჩვენ ამ ფაქტის თაობაზე შევატყობინებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს", - დასძინა ირმა ნადირაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის რუსთავის საარჩევნო შტაბის კოორდინატორის, მერაბ სულაბერიძის განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტზე არანაირ ფიზიკურ ზეწოლას და კამერის ძალით წართმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

"დახლოებით 12-ის ნახევარზე ჩვენი აქტივის წევრმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ისინი განათების ბოძზე აკრავდნენ პლაკატს და ამისთვის ზედამხედველობის სამსახური აჯარიმებდა. მივედით შემთხვევის ადგილზე, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა აგვიხსნეს კანონის მოთხოვნა, ჩვენც დავეთანხმეთ მათ, შედგა შესაბამისი აქტი, მოეწერა ხელი. ამ შემთხვევას იღებდა ვიდეოკამერით უცხო პიროვნება. დავინტერესდით, ვისი წარმომადგენელი იყო, შეკითხვაზე თუ ვინ იყო, მან არ გვიპასუხა. არც ის გვიპასუხა, რა დანიშნულებით იღებდა და რაში სჭირდებოდა ეს ვიდეომასალა. ბოლოს მითხრა, რომ არ აწარმოებდა ვიდეოგადაღებას და ვიდეო გამორთული ჰქონდა. ვთხოვე, თუ მართალს ამბობთ, კამერა გვაჩვენეთ-მეთქი და თავისი ნებით მოგვაწოდა ვიდეოკამერა. ვნახეთ, რომ გადაღებული მართლაც არაფერი ჰქონდა და უკან დავუბრუნეთ", - განაცხადა სულაბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ მსგავს შემთხვევაზე ნაციონალური მოძრაობა პირველად არ საუბრობს. შაბათს, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა თქვა, რომ პარტიის აქტივისტს ცირა ჯავახიშვილს მცხეთაში დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატის გაკვრის გამო, ქართული ოცნების აქტივისტმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისი განცხადებით, მომხდარზე საქმე უკვე აღიძრა. თავად ცირა ჯავახიშვილის თქმით, მას შეურაცხყოფა ინფო 9-ის ყოფილმა მძღოლმა, ქართული ოცნების აქტივისტმა იური წოწორიამ მიაყენა.

"როცა პლაკატის გაკვრას ვცდილობდი, მამაკაცი დამესხა თავს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა იმის გამო, თუ რატომ ვაკრავდი ბაქრაძის პლაკატს, მითხრა, რომ ჩვენ თურმე უნდა გავქრეთ ქვეყნიდან, რადგან აქ ჩვენი ადგილი არაა", - განაცხადა დაზარალებულმა.

კომენტარები