პიანისტთა თბილისის V საერთაშორისო კონკურსი

პიანისტთა თბილისის V საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი ილია კონდრატიევმა მიიღო

tbilisipiano.org.ge

პიანისტთა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი ახალგაზრდა რუსი პიანისტი, ილია კონდრატიევი გახდა. ოთხ დაძაბულ ტურში ურთულესი რეპერტუარების შესრულების შემდეგ, კონტრადიევმა 30 კანდიდატს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ჟიურის მოწონება და მთავარი პრიზი, 15 ათასი ამერიკული დოლარი დაიმსახურა. ჟიურის თავმჯდომარის მანანა დოიჯაშვილის თქმით, წლევანდელი კონკურსი მონაწილეთა მომზადების დონით გამოირჩეოდა.

“წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებით საინტერესო იყო იმიტომ რომ არა მარტო პროფესიულად ძალიან მომზადებული ბავშვები იყვნენ, არამედ ინდივიდუალობის მხრივაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი ჩამოვიდა,’’ - თქვა დოიჯაშვილმა.

კონკურსის წესების შესაძლო დარღვევაზე საუბრობს მისი რამდენიმე მონაწილე. მათი მტკიცებით, ჟიურიმ კონკურსანტთა შერჩევის ერთ-ერთი მთავარი წესი დაარღვია, რომლის მიხედვითაც ჟიურის წევრებს უფლება არ აქვთ კონკურსზე წარმოადგინონ ის მოსწავლეები, რომლებიც გასული სამი წლის მანძილზე მათსავე კლასში ირიცხებოდნენ. ნინო კოტრიკაძე ერთ-ერთია იმ მონაწილეთა შორის, რომლისთვისაც გაუგებარია რატომ არ მოიხსნა კონდრატიევი კონკურსიდან მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის 2010-2011 წლებში ჟიურის გერმანელი  წევრის როლფ-დიტერ არენსის კლასში ირიცხებოდა.

‘‘მე შემიძლია გაჩვენოთ თვითონ Weimar-ის კონსერვატორიიდან ამობეჭდილი ინფორმაცია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს ადამიანი სწავლობდა ამ კონსერვატორიაში. როდესაც დირექციამ გაიგო ამის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ მას უნდა მოეხდინა ამ ფაქტზე რეაგირება,’’ - განაცხადა კოტრიკაძემ.

ტაბულამ ეს ინფორმაცია Weimar-ის მუსიკალურ სკოლასთან გადაამოწმა. სასწავლების პრესცენტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტის სპეციალური სტიპენდიის მოპოვების შემდეგ, კონდრატიევმა მართლაც გაიარა მასტერ კლასები პროფესორ არენსთან.

‘‘ 2009 წელს, ილია კონდრატიევმა მონაწილეობა მიიღო Franz Liszt-ის პიანისტთა მეექვსე საერთაშორისო კონკურსში. მან Weimar-ის სკოლის სპეციალური პრიზი, ვიმერის მუსიკალური სასწავლებლის ლისცტის სკოლაში 1 სემესტრით სწავლის უფლება მოიპოვა. იმის გამო, რომ იმ დროისთვის ბატონი კონდრატიევი მოსკოვის მუსიკალური აკადემიაში ირიცხებოდა, მან ვიმარის სკოლაში 1 სემესტრით ვიმარში წასვლის სანაცვლოდ, სასწავლებლის პროფესორებთან გაევლო მასტერკლასები. მან მოსკოვიდან ვიმარში რამდენჯერმე იმოგზაურა და ძირითადად პროფესორ როლფ-დიტერ არენსთან გაიარა მასტერკლასები. იმის გამო, რომ კონდრატიევმა ეს სტიპენდიის დამსახურებით გააკეთა, მას სასწავლებლიდან სწავლის დამადასტურებელი არანაირი სერთიფიკატი არ მიუღია,’’ - ნათქვამია ვიმარის პრეს მდივნის, ჟან კრეისიგის წერილში.

მანანა დოიჯაშვილის თქმით, ის ფაქტი რომ კონდრატიევი პროფესორ არენსის მოსწავლე იყო, ჟიურიმ კონკურსამდე 2 დღით ადრე შეიტყო. თუმცა, მისივე განმარტებით, ახალგაზრდა რუსი მუსიკოსის კონკურსზე დაშვებით ჟიურის წესები არ დაურღვევია.

‘‘მან არჩია, რომ ეს მასტერკლასები გაევლო ბატონ არენსთან, მაგრამ მასტერკლასებით ვერანაირად ვერ განისაზღვრება პედაგოგის კუთვნილება ამ მოსწავლეზე,’’ - განმარტა დოიჯაშვილმა.

პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ის ჟენევის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის წევრია.

კომენტარები