საპრეზიდენტი არჩევნები 2013

ცესკო: არჩევნებისთვის დარეგისტრირებულია 3 537 719 ამომრჩეველი

ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა წარმოადგინა. არჩევნებისთვის დარეგისტრირებულია 3 537 719 ამომრჩეველი. ასევე, საქართველოს მასშტაბით, 3655 საარჩევნო უბანი გაიხსნება. იქნება 34 სპეცუბანი. ხოლო უცხოეთში 52 უბანი, მათ შორის 2 ავღანეთში. საზღვარგარეთ სულ 48 458 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ეკა აზარაშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ თურქეთში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა ცოტა ხნის წინ მიანიჭა. 

”საქართველოს მოქალაქეობა არ არის საკმარისი არც პასიური და არც აქტიური საარჩევნო უფლებისთვის. ანუ ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ავტომატურად მოხვდებიან ამომრჩეველთა სიაში. არის გარკვეული პროცედურები გასავლელი - იგივე რეგისტრაცია საქართველოს ტერიტორიაზე ან, საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში, იმ ქვეყანაში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა. თუ ეს პროცედურები არ არის გავლილი, შესაბამისად, ადამიანები ვერ მოხვდებიან ამომრჩეველთა სიაში  და აქვე მინდა განვაცხადო, რომ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ამომრჩეველთა სია არის, ფაქტობრივად, დახურული, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ”,- თქვა აზარაშვილმა.

ცესკოს ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკვე 100-მდე მედიაორგანიზაციაა დარეგისტრირებული. ბიულეტენების დამზადება კი ორშაბათიდან დაიწყება და პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

 

 

კომენტარები