სარჩელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ

ტაბულა რამდენიმე მედიასაშუალებასთან ერთად, კომუნიკაციების კომისიას უჩივის

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

ტელეკომპანიებმა - ტაბულა, რუსთავი 2 და მაესტრო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. თანამოსარჩელეები ასევე არიან მეცხრე ტალღა (რეგიონალური არხი), რადიო ევროპა პლუს-თბილისი და ქართული რადიო. მედიასაშუალებები ითხოვენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იმ გადაწყვეტილების გაბათილებას, რომელიც მათი შემოსავლის წყაროების დეტალურ ფინანსური ინფორმაციას ითხოვს. კერძოდ, მოსარჩელეები ითხოვენ, ნაწილობრივ გაბათილდეს კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის #583/19 გადაწყვეტილება, კომისიის 2011 წლის 24 მარტის #144/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ. ცვლილების თანახმად, კომისია მაუწყებლებისგან ითხოვს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ვინაობას, ვისგანაც მედიასაშუალება იღებს შემოსავალს, მათ შორის მფლობელების. ასევე, დეტალურ ინფორმაციას ინტერაქტივის, განცხადებების, კონტენტის რეალიზების და საეთერო დროის გაყიდვის, გადაცემის განთავსების და ტექნიკური მომსახურების შესახებ.

ცნობისთვის, 2013 წლის ივლისში, ძალაში შევიდა საქართველოს კანონი "მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ". აღნიშნული ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხო კანონის 70-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს მაუწყებელთა ანგარიშვალდებულებას. კერძოდ, მაუწყებელთა მიერ კომუნიკაციის ეროვნული კომისიისათვის წარსადგენ ფინანსურ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის გასაჯაროებას. ამ მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, 2013 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს კომუნიკაციების ერონულმა კომისიამ ცვლილებები შეიტანა კომისიის 2011 წლის 24 მარტის #144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ანგარიშების ფორმებში.

მოსარჩელე მედიასაშუალებები მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონს და მაუწყებლებს ავალდებულებს, ანგარიშგების ფორმების შევსებით, კომისიას წარუდგინონ იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს კანონით არის დაშვებული, რაც, თავის მხრივ, იწვევს ამ ინფორმაციის გასაჯაროებას.

მოსარჩელე მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლი ადგენს სამაუწყებლო კომპანიების ფინანსური გამჭვირვალობის ფარგლებს. კერძოდ, ამ მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის პირველ მაისამდე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, წარუდგინოს და თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში, მათ შორის, ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოფინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობებიდან მიღებული შემოსავლის თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისათვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ამავე მუხლის 4.2. პუნქტის თანახმად, კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო სამი თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოფინგის, განხორციელებული სპონსორობის, ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულობამ 7 ათას ლარზე მეტი შეადგინა.

„კანონის ეს ნორმა მოითხოვს მხოლოდ შემოსავლის წყაროს მითითებას და არა შესაბამისი პირის ვინაობის მითითებას. "მაუწყებლობის შესახებ" კანონში 2013 წლის ივლისში შესული ცვლილებებით, კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტში, ერთი მხრივ, დაკონკრეტდა "მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობებიდან" და, მეორე მხრივ, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატა ბოლო ორი წინადადება: "ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისათვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე" ანუ დაემატა ინფორმაცია მაუწყებლის გარკვეული სახის ხარჯების შესახებ, რომელიც მაუწყებელმა გაიღო ან უნდა გაეღო, შესაბამისი მომსახურება უფასოდ რომ არ მიეღო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დღეს მოქმედი რედაქცია, მაუწყებლებს ავალდებულებს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, რეკლამიდან, ტელეშოფინგიდან, სპონსორობიდან და მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობებიდან; ინფორმაცია მაუწყებლისათვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე“ - ნათქვამია მედიასაშუალებების სარჩელში და აღნიშნულია, რომ ცვლილებების შეტანამდე, კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების ფორმა არ შეიცავდა გრაფას “ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვისგანაც მიღებული იქნა შემოსავალი".

„ამ ინფორმაციის წარდგენა და გასაჯაროება პრობლემას უქმნის მაუწყებლებს რამდენიმე მიზეზის გამო: 1. ამგვარი დეტალური ინფორმაცია ხშირად შეიცავს კომერციულ საიდუმლოებას; 2. ამგვარი დეტალური ინფორმაცია ხშირად შეიცავს იმ პირთა პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც განათავსებენ განცხადებებს მაუწყებლის ეთერში; 3. ამ ინფორმაციის ამგვარი დეტალიზაცია ძალიან ართულებს მაუწყებლის ანგარიშგების ვალდებულებას და მაუწყებლის მხრიდან მოითხოვს დამატებითი რესურსის ხარჯვას; 4. ინფორმაციის ამგვარი დეტალიზაცია არ ემსაახურება “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მიზანს. კომისიამ ანგარიშგების ფორმებით, რომელიც შემდგომ გასაჯაროებას ექვემდებარება, უნდა მოითხოვოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული ინფორმაცია შემოსავლების წყაროების და მაუწყებლისათვის გაწეული მომსახურების შესახებ და მხოლოდ იმ პირის ვინაობა, რომლისგანაც მომდინარე შემოსავალი, კანონში ჩამოთვლილ წყაროებში 7 ათასს აღემატება“ - აცხადებენ მედიასაშუალებები.

კომენტარები