საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა მიხეილ სააკაშვილმა, ვაშინგტონში გამართა, სადაც ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, ტომას ბორგენტალის საპატივცემულოდ მოწყობილ საღამოს დაესწრო.
ტომას ბორგენტალი წლების განმავლობაში იურიდიულ ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა. ის მიხეილ სააკაშვილის სადოქტორო თემის ხელმძღვანელიც იყო. პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
"აშშ-ში 1993 წელს ჩამოვედი და გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივი პროფესორები მასწავლიდნენ. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო, უდიდესი გამოცდილება შევიძინე, შესანიშნავი სემინარები გვქონდა. აქ მყოფთაგან ვისაც შესაძლებლობა გქონდათ მათ დასწრებოდით, ალბათ დამეთანხმებით. მახსოვს, როდესაც უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ერთი ძალიან რთული საგანი მქონდა ჩასაბარებელი, საერთაშორისო სამართლის შესახებ, რომლის გამოთქმა ახლაც კი მიჭირს. მივედი პროფესორ ბორგენტალთან და ვუთხარი რომ ახლახანს საქართველოს პარლამენტში ამირჩიეს, მაგრამ მიუხედავად ამისა საგანს მაინც ჩავაბარებდი. პროფესორმა მიპასუხა, რომ ახლა ახალი საგანი უნდა ჩამებარებინა და ეს ქვეყნის აშენება იყო. პროფესორო, მინდა გითხრათ რომ როდესაც საქართველოში ჩავედი, ის არშემდგარი ქვეყანა იყო. სახელმწიფო, სადაც არ იყო ელექტრო ენერგია და გაბატონებული იყო კრიმინალი. ქვეყანას კლეპტოკრატები მართავდენ. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, ქვეყანა გახდა ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა, მსოფლიოს ბანკის ათეულში შევედით როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში, ბიზნესის კეთების კუთხით. საქართველო ერთადერთია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ყველაზე მარტივია ბიზნესის წამოწყება. მსოფლიოს ბანკის შეფასებით, ჩვენთან ყველაზე სწრაფია საბაჟო პროცედურებიც. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალიზებული ქვეყანა იყო მსოფლიოში, ახლა კი დანაშაულის დონე ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის სახელმწიფოებს შორის. საქართველო ასევე ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა. ეს არის შედეგი იმისა, რისი გაკეთებაც თქვენ დამავალეთ პროფესორო," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სიტყვის დასრულების შემდეგ ტომას ბორგენტალს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, საქართველოში გაკეთებული საქმეების ამსახველი კრებული გადასცა და გაწეული ღვაწლისთვის, პროფესიული ბრწყინვალების უმაღლესი საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.





