შსს-მ სამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ამოღებული საბრძოლო მასალა
შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1976 წელს დაბადებული რომან რ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც სამართალდამცავი უწყება იტყობინება, პოლიციელებმა სენაკში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას, ნაგებობის ჭერში დამალული სამგზავრო ხელჩანთიდან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: "ა-კა-ემ"-ის მოდელის 2 და "ა-კა-ეს"-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 11 მჭიდით და 193 საბრძოლო ვაზნით, უცხოური წარმოების 1 პისტოლეტი 1 მჭიდითა და 3 საბრძოლო ვაზნით, ასევე, კომბინირებული სანადირო თოფი ამოიღეს.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). 

კომენტარები