ევაკუაცია მაესტროშიც გამოცხადდა

ტელეკომპანია მაესტროში რამდენიმე წუთის წინ ევაკუაცია გამოცხადდა. თანამშრომლების ნაწილმა პოლიციის მოთხოვნით უკვე დატოვა ტელეარხის შენობა, ნაწილი კი ამ დრომდე შენობაში რჩება.

"პოლიციელები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ იგივე სცენარით 112-ში დარეკა მოქალაქემ და განაცხადა მაესტროში ბომბის არსებობის შესახებ. თანამშრომლების ნაწილი ვრჩებით შენობაში და ვცდილობთ ავაწყოთ კოლაჟი და შევატყობინოთ მაყურებელს, თუ რატომ შეიძლება ვერ გავიდეს ეთერში საინფორმაციო გამოშვება 15:00 საათზე. ძალიან მალე, ალბათ, ყველას მოგვიწევს შენობის დატოვება", - განუცხადა ტაბულას მაესტროს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ხატია ქვათაძემ. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო დასჭირდებათ გამნაღმველებს ტერიტორიის შესამოწმებლად.

ბოლო დღეების განმავლობაში ეს არის უკვე მერამდენე შემთხვევა, როცა სხვადასხვა პირები, მათ შორის, არასრულწლოვნები, საგანგებო სიტუაციების სამსახურში რეკავენ და ოპერატორს ამა თუ იმ შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ატყობინებენ. ცრუ შემტყობინებლების ძირითადი სამიზნეები ტელეარხები არიან. მსგავსი შეტყობინებები შსს-ში რამდენჯერმე შევიდა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან და იმედთან დაკავშირებით, ამავე მიზეზით ევაკუაცია გამოცხადებული იყო პროკრედიტ ბანკის ხაშურის ფილიალში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და პარლამენტში. ამ დრომდე არსებული ყველა შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა და პოლიციამ სამართალდამრღვევებს მალევე მიაკვლია.

განვითარებული მოვლენების ფონზე, შსს-მ წარმოადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უნდა გამკაცრდეს ტერორიზმის ცრუ შეტყობინებისთვის გათვალისწინებული სასჯელი. 

კომენტარები