მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ოთხი მინარეთის მიშენება საქართველოს მთავრობას უნდოდა


სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, ახალციხეში, სასტუმრო ლომსიადან გამოსულ საქართველოს პრეზიდენტსა და ადგილობრივებს შორის შელაპარაკება მოხდა. ახალციხელმა ბეჟან კაჭკაჭიშვილმა უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ სასტუმროს დასახელება ინგლისურ ენაზეა გაკეთებული და არა ქართულად. 

"თქვენ გყავთ ძალები აქ, რომლებიც ხუთჯვრიან დროშას ებრძვიან, როგორ არ ებრძვიან, ძალიან კარგად ებრძვიან ხუთჯვრიან დროშას. ტელევიზორს უყურებთ?! რომ იძახით ჭელაში მინარეთიო, ვის უნდოდა 4 მინარეთის მიშენება, ხომ არ იცით შემთხვევით?! საქართველოს მთავრობას, უკაცრავად. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა დაიჯერებთ ტყუილებს ჩვენზე, კარგად მოიკითხეთ რა გეგმები აქვთ - 4 მინარეთის აშენება უნდოდათ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი ახალციხეს დღეს ეწვია. მან ქალაქში ვანო მერაბიშვილის ოჯახი მოინახულა. იგი ახალქალაქშიც ჩავიდა და ოვანეს თუმანიანის სახელობის მესამე, სომხურენოვან საჯარო სკოლას ესტუმრა. სააკაშვილმა სასტუმრო ლომსიაში სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულთან ივანე წიკლაურთან ერთად ისადილა. სწორედ აღნიშნული სასტუმროს დატოვების შემდეგ მოხდა მასსა და ახალციხის მკვიდრ შორის ზემოხსენებული შელაპარაკება.

კომენტარები