ცვლილებები კონსტიტუციაში

პრეზიდენტს გადაწყვეტილებების მისაღებად პრემიერმინისტრის თანხმობა დასჭირდება

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

2010 წელს მიღებული კონსტიტუციის შემდეგ, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტად შედის, კონტრასიგნაციის პრინციპი კანონებშიც შემოდის.

კონტრასიგნაცია გულისხმობს შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედის ძალაში, თუ მას პრემიერმინისტრი მოაწერს ხელს.  

კონტრასიგნაციის პრინციპი კონსტიტუციაში უკვე ჩაწერილია და ახლა კანონმდებლობის კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყობა ხდება. ამ და ასევე პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების მიმართულებით, რაც ასევე ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარეობს, პარლამენტში 30-მდე პროექტია ინიცირებული. ახალი ცვლილებები პარლამენტში მომდევნო კვირეებშიც შევა.

რაც შეეხება კონტრასიგნაციის თემას, პარლამენტი "საგანგებო მდგომარეობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებების პროექტს იხილავს, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს საგანგებო მდგომარების გამოსაცხადებლად, საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დასანიშნად პრემიერმინისტრის თანხმობა დასჭირდება.

 გარდა ამისა, პრეზიდენტს აღარ ექნება რეფერენდუმის საკუთარი ინიციატივით დანიშვნის უფლება. "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, პრეზიდენტი უფლებამოსილი ხდება რეფერენდუმი პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს, რაც ასევე პრემიერის კონტრასიგნაციას საჭიროებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რეფერენდუმი მთავრობის მოთხოვნით ინიშნება.

"რეფერენდუმის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით პრეზიდენტს არც პლებისციტის დანიშვნის უფლება ექნება. პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვა, მის მიერ დადებული საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიცირებისა თუ გაუქმების შესახებ. პრეზიდენტის მიერ ხელშეკრულებების დადებაც პრემიერის კონტრაციგნაციის საგანი ხდება და შესაბამისს კანონში ცვლილებები ამ მიმართულებითაც შედის.

კიდევ ერთი ცვლილებებით, მართმადიდებლურ ეკლესიასთან კონსტიტუციურ შეთანხებას დადებს პრეზიდენტი, ასევე პრემიერის კონტრასიგნაციით. ამას "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტი ითვალისწინებს. ამავე პროექტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება, სხვადასხვა ორგანოებსა და თანამდებობის პირებზე გადადის.

ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ცვლილებას და ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას 160-მდე კანონი საჭიროებს. მათ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და დაამტკიცებს.

კომენტარები