პრემიერის ვიზიტი

ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთი წარმატებული ვიზიტი გვქონდა

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ლიტვასა და პოლონეთში ”უმცირესობაში არიან ისინი, ვისაც საქართველოს ახალი ხელისუფლების ხელწერის მიმართ ეჭვები დარჩა”. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს, ლიტვასა და პოლონეთში ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.

"შეხვედრებისას ეკონომიკის და პოლიტიკის ყველა საკითხს შევეხეთ, ასევე დაისახა სამომავლო გეგმები. ძალიან კარგი ვიზიტი იყო პოლონეთშიც. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემს პოლონელ კოლეგასთან შეხვედრა, რომელმაც მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. კარგი რჩევები მივიღე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. არსებობს განსხვავებული აზრი, როგორც ლიტვაში, ისე პოლონეთში ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვისაც ეჭვი დარჩა ახალი ხელისუფლების ხელწერის მიმართ, ისინი აშკარა უმცირესობაში არიან. ორივე სახელმწიფოში ახალ ხელისუფლებას აბსოლუტური ნდობით, მოწიწებით და მეგობრულად უყურებენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერი ვიზიტს პოლონეთსა და ლიტვაში ძალიან წარმატებულად აფასებს.

"ისინი დაინტერესებული არიან, რომ 27 ნოემბერს ვილნიუსის სამიტზე ვიყოთ ძალიან წარმატებული და მაქსიმალურ მხარდაჭერას გვპირდებიან. ჩემის მხრივ, ვარწმუნებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვისაუბრეთ NATO-სა და ევროკავშირის მიმართულებით და ამ მხრივაც მხარდაჭერა აღგვითქვეს. ჩვენ ველით, რომ მომავალ წელს NATO-ს მხრიდან კარგი განცხადებები გაკეთდება საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი წარმატებული ვიზიტი გვქონდა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

პრემირმინისტრის თქმით, მან ლიტვისა და პოლონეთის ოფიციალურ პირებს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება სთხოვა.

"მე მათ ვთხოვე, ამ ქმედებებზე პასუხი მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას და თავისი პოზიცია დააფიქსირონ. აბა, ვნახოთ, როგორი განცხადებები გაკეთდება. მე მაქსიმალურად გავაკეთე აქცენტები ყველა შეხვედრის დროს, რომ მათ ჰქონდეთ რეაქცია", - აღნიშნა პრემიერმა. 

კომენტარები