ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

ზაზა ხატიაშვილი: ნანუაშვილი ღარიბაშვილის თანაშემწე მგონია

ზაზა ხატიაშვილი
ipn.ge

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა პირველი რადიოს პრესკლუბში  გამართულ ბრიფინგზე სახალხო დამცველი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "ნანუაშვილი ღარიბაშვილის თანაშემწე" ჰგონია.

"უჩა ნანუაშვილი ემალება ყველა იმ მოვლენას, რაც ქვეყანაში ხდება და კანონდარღვევებზე არანაირ განცხადებას არ აკეთებს", - აცხადებს ხატიაშვილი.

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი პოლიციელების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით არ რეაგირებს.  ხატიაშვილის თქმით, მან პირადად გააცნო ნანუაშვილს ძმების ლაშა და გიორგი სოზაშვილების უკანონო დაკავების ფაქტი, თუმცა, მისი თქმით, კონკრეტულ საქმეებზე ნანუაშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკულ განცხადებებს არასდროს აკეთებს.

"თუ ვანო მერაბიშვილი უნდა იჯდეს ციხეში დანაშაულის დაფარვისთვის, სოზაშვილების თემაზე ღარიბაშვილმაც უნდა აგოს პასუხი", - განაცხადა ხატიაშვილმა.

შეგახსენებთ, 2012 წლის 3 დეკემბერს ძმები სოზაშვილები პოლიციის თანამშრომლებმა წინააღმდეგობის გაწევის მოტივით დააკავეს და მათ 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

"ასე დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმაც უკანონობის ჩადენა და შემდეგ ადამიანის მკვლელობებით გააგრძელა. თუ ამ ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებთ და ასეთი ფაქტებისთვის პასუხს არ მოვთხოვთ, მაშინ ისინიც იგივე დანაშაულებრივ რეჟიმად იქცევიან, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება", - განაცხადა ხატიაშვილმა.

კომენტარები