17 მაისის მოვლენები

PACE 17 მაისის მოვლენების გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

27 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სექსუალური უმცირესობისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის დაძლევის შესახებ რეზოლუცია მიიღეს, სადაც საქართველოში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი. ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმის ეფექტურად გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს:

"ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად გამოიძიოს 2013 წლის 17 მაისს კონტრდემონსტრანტების ძალადობრივი თავდასხმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებზე და პასუხი აგებინოს მათ, ვინც წააქეზა და ჩაიდინა ძალადობა", - ნათქვამია რეზოლუციაში.

17 მაისის მოვლენების განხილვისას, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ "ინციდენტს ფართო მასშტაბები არ ჰქონია" და ეს ერთჯერადი მოვლენა იყო.

"17 მაისს, ლგბტ ჯგუფის მცირე ნაწილმა ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მოაწყო. თუმცა, იმავე ადგილას ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ლგბტ აქტივისტების მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი. ამ დროს სახელმწიფო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე იდგა, რომ დაეცვა არა მხოლოდ ლგბტ ჯგუფის უსაფრთხოება, არამედ მათი გამოხატვის და შეკრების თავისუფლებაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწორი გადაწვეტილება მიიღო და ლგბტ ჯგუფის უსაფრთოხების დასაცავად ისინი იქაურობას განარიდა.

მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ სიტუაცია წინასწარ შეაფასა, დასახა გეგმა და ორი ათასი პოლიციელის მობილიზება მოახდინა, ათასობით კონტრდემონსტრანტმა შეძლო პოლიციის კორდონის გარღვევა. პოლიციის ჩარევის შემდეგ ყველა ინციდენტი დროულად ამოიწურა. მაგრამ, ძალადობის შედეგად დაზიანდა 3 ჟურნალისტი, 8 პოლიციელი და 12 მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ ლგბტ აქციის მხარდამჭერი არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა. აქვე უნდა დავამატო, რომ ორი დღის შემდეგ ლგბტ აქტივისტებმა იმავე ადგილას დიდი დემონსტრაცია გამართეს", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მისივე თქმით, დასჯილია ათი ადამიანი, მათ შორის - ორი მართლმადიდებელი სასულიერო პირი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

"საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით სხვა ნაბიჯებიც გადადგა: შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ სპეციალური კადრი გამოიყო, რომელიც უპასუხებს და გამოეხმაურება ლგბტ ადამიანებს. ათი დღის წინ ჩატარდა დიდი კონფერენცია სექსუალური უმცირესობების უფლებების შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ მინისტრები, პარლამენტარები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. არსებული დამოკიდებულებების გამო, შესაძლოა, ეს პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ თუ მთავრობა იზრუნებს უმცირესობის უფლებებზე, ყველაფერი მოგვარდება. მოხარული ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ახალი მთავრობა ცდილობს უმცირესობის უფლებების დაცვას", - განაცხადა მაღრაძემ.

თავის მხრივ, საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, აღნიშნა, რომ შეტაკებას მასობრივი ხასიათი ჰქონდა:

"ეს იყო მასობრივი შეტაკება, ოცდაათამდე ლგბტ აქტივისტს ხალხის აგრესიული მასა მიაწყდა. შედეგად, 25 ადამიანი დაშავდა და გადაიყვანეს საავადმყოფოში. ისინი შეიძლება მომკვდარიყვნენ კიდეც. როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, მთავრობამ არ მიიღო შესაბამისი ზომები ამ ძალადობის შესაკავებლად. ხელისუფლების ვალდებულება იყო, დაეპატიმრებინათ ის ადამიანები, რომლებმაც წააქეზეს ეს ძალადობა", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

პასუხად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმა ფართომასშტაბიანი არ ყოფილა და ორი დღის შემდეგ, იმავე ადგილზე აქცია მშვიდ ვითარებაში გაიმართა:

"ამ ცვლილებების შეტანის ინიციატივით იმიტომ გამოვდივარ, რომ თავდასხმა ფართომასშტაბიანი არ ყოფილა: ერთჯერადი მოვლენა იყო. ორი დღის შემდეგ, იმავე ადგილზე ლგბტ აქტივისტებმა დიდი დემონსტრაცია გამართეს, რასაც არავითარი ინციდენტი არ მოჰყოლია. ამასთან, სახელმწიფო ორგანოები იძიებენ, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი და რაზე, რათა წინასწარ ვიცოდეთ გამოძიების შედეგები".

მაღრაძის განცხადებებს გამოეხმაურა ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია იდენტობა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა "მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანა ევროპელი კოლეგები", რადგან სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ 19 მაისს იმავე ადგილზე ლგბტ უფლებადამცველები ხელახლა შეიკრიბნენ და ინციდენტების გარეშე ჩაატარეს აქცია. ასევე, იდენტობა აცხადებს, რომ მიზანმიმართული სიცრუეა მაღრაძის განცხადება, თითქოს შს მინისტრმა სპეციალური კადრი გამოყო, რომელიც "უპასუხებს და გამოეხმაურება ლგბტ ადამიანებს". ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამის შესახებ რაიმე ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, 17 მაისის თავდასხმაში მონაწილე ოთხ პირს 100-100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. რაც შეეხება ორ სასულიერო პირს, მათ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 ივლისაა ჩანიშნული. 

 

 

კომენტარები