საჩივარი ტელეკომპანია ”იმედს”

ტელეკომპანია "იმედმა" საჩივარი განსახილველად არ მიიღო

იმედი

ტელეკომპანია "იმედმა" განსახილველად არ მიიღო სამოქალაქო საზოგადოების მიერ მომზადებული საჩივარი.საჩივრის წერილის ერთ–ერთი ავტორი, თამარ გურჩიანი ამბობს, რომ საჩივრის არ მიღების მიზეზად ტელეკომპანიამ გადაცემა „მთავარი ფაქტორის“ ერთ–ერთი წამყვანის, რამაზ საყვარელიძის მიერ წარმოთქმული ფრაზის ადრესატის არ ყოლა და საჩივრის ხელმომწერებთან მისი კავშირში არ ყოფნა დაასახელა. საჩივარი ეხებოდა 2013 წლის 27 მაისის “მთავარ ფაქტორში“ რამაზ საყვარელიძის მიერ გამოთქმულ ფრაზას, რომელიც საჩივრის ავტორების თქმით ჰომოფობიურია და "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილ ნორმებს ეწინააღმდეგება.

“რამაზ საყვარელიძემ წარმოთქვა შემდეგი ფრაზა: "კარგი რა, არავის არ უნდა ჰომიკი სახლში." გადაცემის სტუმარმა თამარ გურჩიანმა რამაზ საყვარელიძე გააფრთხილა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შესაძლო დარღვევის შესახებ, ხოლო არაფორმალურმა მთავარმა წამყვანმა, რევაზ საყევარიშვილმა კი განაცხადა, რომ ასეთ განცხადებებს შეეძლო დარტყმის ქვეშ დაეყენებინა ტელევიზია, თუმცა არცერთ სხვა თანაწამყვანს რამაზ საყვარელიძის შეურაცხმყოფელი ფრაზა არ დაუგმია", – ნათქვამია საჩივარში.

 საჩივრის ავტორები ფიქრობენ, რომ რამაზ საყვარელიძის გამონათქვამი ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს, რომელთა თანახმად: იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.

 საჩივარში ასევე განმარტებულია, რომ რამაზ საყვარელიძის გამონათქვამი ეწინააღმდეგება მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამაუწყებლო პრინციპით:“სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება განურჩევლად მათი პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა.”

საჩივრის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ 17 მაისის მოვლენების შემდეგ ლგბტ პირთა დევნამ განსაკუთრებით იმატა და ამ ფონიდან გამომდინარე მედიას განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებს. მათი მოთხოვნაა:

1. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14, აგრეთვე 59-ე პრიმა მუხლის თანახმად, განიხილონ საჩივარი და მასზე დროული და დასაბუთებული რეაგირება მოახდინონ.

2. დაადგინონ ზემოაღნიშნული გამონათქვამის შეუსაბამობა ეთიკურ სტანდარტებთან და მიღებული გადაწყვეტილება შეუსაბამობის შესახებ გამოაქვეყნონ იმავე გადაცემაში.

კომენტარები