საქართველოს ჩემპიონატი

საფეხბურთო კლუბები ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 8 კლუბი სახელმწიფოსგან თანაბარ დაფინანსებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრემიერლიგისთვის ბოიკოტის გამოცხადებით იმუქრება. მოსაზრებას, რომ თითოეული კლუბი თანაბრად უნდა დაფინანსდეს, საბიუჯეტო დოტაციაზე მყოფი კლუბებიც იზიარებენ. გუნდების ხელმძღვანელთა უკმაყოფილება გავრცელებულმა ცნობამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, გორის დილამ სახელმწიფოსგან უკვე მიიღო 2 მილიონი ლარი. ეროვნული ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადებას 8 გუნდი აპირებს, სულ კი ქვეყნის ჩემპიონატში 12 გუნდი ასპარეზობს.

სახელმწიფო გრძელვადიანი პროგრამის შემუშავებაზე ფიქრობს. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა:

"ჩვენ უნდა შევისწავლოთ საკითხი, რადგან რამდენიმე სერიოზული პრობლემაა და ეს არ ეხება მხოლოდ იმ 8 გუნდს და არც მხოლოდ ფეხბურთს. რეალურად ძალიან რთული პრობლემებია. მე ფაქტობრივად ყოველდღიურად მაქვს შეხვედრები სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებთან. შევხვდი რაგბის ფედერაციის ხელძღანელებს, რამდენიმე საფეხბურთო გუნდს, მათ სპონსორებს. პრობლემა არის ძალიან სერიოზული, მაგრამ სამწუხაროდ ერთბაშად მისი მოგვარების რესურსი არ არსებობს. იმედი მაქვს, რომ სპორტის სამინისტრო და შესაბამისი ფედერაციები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს პრობლემები თანდათანობით მოგვარდეს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები