პარტია

ყოფილი ლეიბორისტები მემარცხენე ალიანსს ქმნიან

ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრები მემარცხენე ალიანსს ქმნიან, პირველი ყრილობის გამართვას კი 1-ლ მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში აპირებენ. 

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, რომ მემარცხენე ალიანსი ოპოზიციური პარტია იქნება, რომლის ყრილობასაც 400 ადამიანი დაესწრება.

"400 სტუმარი გვეყოლება. მათ შორის ის ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მემარცხენე ალიანსის დაფუძნებისთვის ხელმოწერები გააკეთეს. დღესვე გავუგზავნით მოსაწვევებს დიპლომატიურ კორპუსს", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

მემარცხენე ალიანსის პრიორიტეტებზე შატბერაშვილს არ უსაუბრია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ძირითად გუნდში მის გარდა კახაბერ ძაგანია, გაგა მთვარელიძე, დავით ვერძეული, პაატა ჯიბლაძე და კონსტანტინე გუგუშვილი იქნებიან.

შატბერაშვილის ინფორმაციით, ყრილობაზე დასწრების მოსაწვევებს შალვა ნათელაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გარდა, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს.

კომენტარები