პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: წინა ხელისუფლების კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიაზე არ იყო გათვლილი

ის კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ხორციელდებოდა, არ იყო გათვლილი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

"როგორც იცით, საპარლამენტო უმრავლესობას ბოლო 9 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა და ძალიან ბევრი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხორციელდებოდა, არ იყო გათვლილი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე და, პრაქტიკულად, ერთი პარტიის სურვილზე იყო აგებული და მორგებული", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის - აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდს და ევროკავშირის ელჩ ფილიპ დიმიტროვს. 

შეხვედრა სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა და მასში, პრემიერმინისტრთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და პრემიერმინისტრის თანაშემწე თამარ ჩუგოშვილი მონაწილეობდნენ. 

კომენტარები