ავსტრალიის ღია პირველობა

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მიურეის შეხვდება

ნოვაკ ჯოკოვიჩს დიდი დრო არ დაუკარგავს იმისათვის, რომ მესამეჯერ გასულიყო ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში. 6-2, 6-2, 6-1 - ასეთი ანგარიშით დაამარცხა სერბმა მეოთხე ნომრად განთესილი დავიდ ფერერი.

მსოფლიოს ნომერმა პირველმა ჩოგანმა ფერერს არ მისცა საშუალება, რომ ორი სეტის შემდეგ თამაშში გარდატეხა შეეტანა, ისე როგორც ეს ჯოკოვიჩისა და ნიკოლა ალმაგროს შეხვედრაში მოხდა.

25 წლის სერბს აქვს შანსი, გახდეს ერთადერთი ჩოგბურთელი, ვისაც ზედიზედ სამჯერ აქვს მოპოვებული ავსტრალიის ღია პირველობის ტიტული.

ფინალში ჯოკოვიჩი ენდი მიურეის შეხვდება, რომელმაც როჯერ ფედერერს დაძაბულ შეხვედრაში სძლია.

ტურნირის  ფინალი ქალთა შორის 26, ხოლო მამაკაცთა შორის 27 იანვარს გაიმართება.

კომენტარები