სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

მაია ხასია: პატიმრის გარდაცვალების საქმეზე სად-ის თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

"პატიმრის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება", - დღეს, 26 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ხასიამ.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, პარალელურად მოკვლევას აწარმოებს სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია და დეტალები გამოძიების შემდეგ დაზუსტდება. თუმცა, ხასიას თქმით, ამ ეტაპზევე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან აშკარა დარღვევა იკვეთება. 

მაია ხასიამ განაცხადა, რომ პატიმარი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, საეჭვო ქცევის გამო ერთი დღით ადრე გადაყვანილი იყო სპეციალურ საკანში, რომელზეც 24-საათიანი ვიდეოკონტროლი ხორციელდება. შესაბამისად, ციხის თანამშრომლის მხრიდან, რომელიც კამერების მონიტორინგზე იყო პასუხისმგებელი, იკვეთება აშკარა დარღვევა, რადგან თვითმკვლელობის მომენტი მას მხედველობიდან გამორჩა. 

ხასიამ აღნიშნა, რომ საერთო ექსპერტიზის ფარგლებში მოხდება ვიდეოჩანაწერის სრული ანალიზი. ამასთან, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, თუ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის მოთხოვნით ჩატარდება დამოუკიდებელი ექსპერტიზა, ეს დეპარტამენტის მხრიდან მხოლოდ დადებითი კუთხით შეფასდება, რადგან ოჯახისთვის დამატებითი ვერსიების გამორიცხვის საშუალება იქნება. 

28 წლის თემურ კორტავა, რომელიც სასჯელს რუსთავის #6 დაწესებულებაში იხდიდა, საკანში ჩამომხრჩვალი 24 დეკემბერს აღმოაჩინეს. თემურ კორტავა 7-წლიან სასჯელს 2010 წლიდან ყაჩაღობის მუხლით იხდიდა. 

კომენტარები