პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: ჩინოვნიკებს თვითმფრინავები მდიდარ ქვეყნებშიც არ ჰყავთ

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში ყოფნისას პასუხი გასცა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა მთავრობის მიერ „ნგრევის პროგრამის გამოცხადების“ გამო. საქმე რიყეზე მიმდინარე მშენებლობებს და რამდენიმე სხვა პროექტს ეხება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს „თალიბანიზაცია“ მიუღებელია.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, პრემიერმა პრეზიდენტს პასუხი სამხედრო აკადემიის მონახულების შემდეგ გასცა. ივანიშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა „თალიბანიზაციაზე“ საუბრობს პრეზიდენტი. მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი „გაღიზიანდა იმით, რომ ჩვენ მათი დაჩებით დავინტერესდით“. სამთავრობო აგარაკების პრივატიზების გეგმა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან შეხვედრისას გაახმოვანა.

„რომელ ქვეყანაშია სამთავრობო დაჩები? სამწუხაროდ, ეს პროცესი ჯერ ვერ შევაჩერეთ და მშენებლობები ეხლაც გრძელდება. ჩვენ ვართ გაჭირვებული ქვეყანა. ერთ ოჯახზე შემოსავლით განვითარებადი ქვეყნის დონეზე ვართ. გვყავს უსახლკაროები და გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან. ქვეყნის მდგომარეობა როგორი კარგიც უნდა იყოს, არცერთ ქვეყანაში არ უნდა აშენდეს აგარაკები“, - განუმარტა ჟურნალისტებს პრემიერმინისტრმა.

მისი თქმით, „მდიდარ ქვეყნებშიც კი არ ხდება ეს. იქ ჩინოვნიკებს არა აქვთ თვითმფრინავები. 80 მილიონი თვითმფრინავებში აქვს გადახდილი. ეს ყველაფერი სურთ, რომ ჩვენ მოგვაწერონ. იმის გონიერება აქვს ქართველ ხალხს, რომ თეთრი და შავი გაარჩიოს. სააკაშვილმა მაღლა მაინც იყუროს, ვის ესაუბრება ამით. პასუხი აგოს იმაზე, რატომ ჰქონდა მთავრობის წევრებს შვიდი რეზიდენცია. ჯარი რომ დატვირთეს ვერტალიოტებით და თვითმფრინავებით. ჩვენზე დაასახელოს რაიმე მაგალითები“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილმა სამხედრო აკადემიის კურსანტებთან შეხვედრისას განაცხადა, 2008 წელს ქვეყანას ჰყავდა კარგად გაწვრთნილი ჯარი და ოფიცრები, თუმცა არასწორმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა მძიმე შედეგის წინაშე დააყენა.

ივანიშვილმა კურსანტების საცხოვრებელი ოთახები დაათვალიერა. პრემიერის თქმით, ,,ის, რაც ჩვენს მთავარსარდალს სწამს, რომ ჯარისკაცი იმისთვის არსებობს, რომ მოკვდეს  - ეს ასე არაა, ჯარისკაცი იმისთვისაა, რომ საკუთარ სამშობლოს ემსახუროს და მისი უსაფრთხოება დაიცვას“.

მისივე თქმით, განათლებისა და თავდაცვის მინისტრებს აქვთ საერთო გეგმა, რომლის მიხედვითაც ახალი ინვესტიციები ჩაიდება აკადემიაში. ,,თქვენ ისეთი გამოცდილება გაქვთ უკვე, სხვა ქვეყნის ოფიცრებიც შეგიძლიათ აღზარდოთ“, - მიმართა ჯარისკაცებს ივანიშვილმა.

 

კომენტარები