საქართველო-ევროკავშირი

კარლ ბილდტი: საქართველო უკრაინის გზას არ უნდა დაადგეს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოს მთავრობას აფრთხილებს იმის შესახებ, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა შესაძლოა ქვეყანაზე ძალზე უარყოფითად აისახოს. კარლ ბილდტი საქართველოში ვიზიტით, გასულ კვირაში, ბულგარელ კოლეგა ნიკოლაი მლადენოვთან და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროს იაცეკ მიხალოვსკისთან ერთად იმყოფებოდა.

„იმედი მაქვს, საქართველო სწავლობს უკრაინის შეცდომებზე. შერჩევითი მართლმსაჯულება და შურისძიება საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს“, - დაწერა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე 13 დეკემბერს.

იმავე დღეს ბილდტმა საკუთარ შვედურენოვან ბლოგზე გამოაქვეყნა პოსტი სათაურით „როგორ ავიცილოთ თავიდან უკრაინა“.

იგი აღნიშნავს, რომ თბილისში შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე, პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

მან აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა ხელსუფლებაში მხოლოდ თვე-ნახევარი იმყოფება და ამ პერიოდში მის საქმიანობასთან დაკავშირებით დომინირებს ცნობები ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების დაპატიმრებების შესახებ.

„მე ხაზი გავუსვი უკრაინის გამოცდილებას, სადაც შერჩევითმა და პოლიტიკურად მოტივირებულმა სამართლებრივმა დევნამ ევროპული პროცესის შენელება გამოიწვია. კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხები ასევე უარყოფითად აისახა საქმიან და საინვესტიციო კლიმატზე“, - აღნიშნა ბილდტმა.

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ პრემიერმინისტრ ივანიშვილისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველო ასეთივე სიტუაციაში არ აღმოჩნდეს“, - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აღნიშნავს, რომ საქართველოში მისი ყოფნისას ამ თემაზე დისკუსია იმდენად ფართო იყო, რომ მასა და მის ევროპელ კოლეგებს ნაკლები საშუალება ჰქონდათ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხები განეხილათ.

 

კომენტარები