წინწყარო

დიმიტროვი: დემოკრატია მხოლოდ უმრავლესობის მმართველობა არაა

"დემოკრატია მხოლოდ უმრავლესობის მმართველობას არ გულისხმობს, დემოკრატიისთვის უმცირესობების უფლებების დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა განუცხადა. დიმიტროვმა აღნიშნა, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. 
"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფომ ამ უფლების დაცვის ვალდებულება იკისრა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი რელიგიის მიმდევარმა უნდა შეძლოს თავისუფლად ლოცვა და თავისი რელიგიის გაცხადება როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად ისე, რომ არ ეშინოდეს შეუწყნარებლობისა თუ თავდასხმის. დემოკრატია მხოლოდ უმრავლესობის მმართველობას არ გულისხმობს. დემოკრატიისათვის ყველა უმცირესობის უფლებების დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია. პლურალისტური და დემოკრატიული საზოგადოების აშენება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ეს უფლებები დაცულია", - განაცხადა  ფილიპ დიმიტროვმა.
ამ კონტექსტში ევროკავშირის ელჩი მიესალმება პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და  საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ვინმესთვის ამ უფლების შეზღუდვას. 
"ევროკავშირი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კვლავ აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოსთან, განსაკუთრებით სახალხო დამცველთან, რელიგიური შემწყნარებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის", - განაცხადა დიმიტროვმა.

კომენტარები