უნგრეთი

დემოკრატიის კრიზისი

უნგრეთი დემოკრატიული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყანაში დღესდღეობით მილიონი სამუშაო ადგილით ნაკლებია, ვიდრე ოცი წლის წინ. Freedom House-ის ყოველწლიურმა კვლევამ უნგრული მედია „თავისუფალის“ კატეგორიიდან „ნაწილობრივ თავისუფლებში“ გადაიყვანა. საერთაშორისო არენაზეც, ბოლო დროს, სულ უფრო მეტს საუბრობენ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანისა და მისი პოლიტიკური ძალის არადემოკრატიულ გადახვევებზე.

დემოკრატიის კრიზისი ცენტრალური ევროპის 10-მილიონიან სახელმწიფოში ორი წლის წინ დაიწყო. 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფიდესმა, უნგრეთის სამოქალაქო კავშირისა და ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტიის მემარჯვენე გაერთიანებამ, ხმათა 52% მიიღო, რომელიც რეალურად, გაუმართავი საარჩევნო კანმონმდებლობის პირობებში, საპარლამენტო მანდატების სრულ უმრავლესობად (68%) გარდაიქმნა.

ორბანმა ენერგიული სტარტი აიღო: საგარეო ვალის შესამცირებლად შეკვეცა მინისტრთა რაოდენობა, გაატარა ფისკალური რეფორმები, შეამცირა სახელმწიფო ხარჯები და უარი თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან დამატებითი კრედიტის აღებაზე.

თუმცა, რეფორმების პარალელურად, კონსერვატიულმა ძალამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს კონსტიტუცია 10-ჯერ შეცვალა, შემდეგ კი ძირითადი კანონის სრულიად ახალი ვერსია მიიღო. ახალი კონსტიტუცია 2012 წლის იანვრიდან ამოქმედდა და საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.

ახალმა კონსტიტუციამ სოციალური კონსერვატიზმი დააკანონა: ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის კავშირად განსაზღვრა და ჩანასახის უფლებები განამტკიცა. გარდა ამისა, უნგრეთმა აღიარა „ეროვნულობის შენარჩუნებაში ქრისტიანობის განსაკუთრებული როლი“. მსგავსი ცვლილება განსაკუთრებით უდროოდ გამოიყურება ქვეყანაში, სადაც რელიგიას აქტიურად მხოლოდ მოსახლეობის 21% მისდევს. რელიგიური დაწესებულებების სტატუსის ხელახალი განსაზღვრის შემდეგ, სახელმწიფომ 348 დენომინაციიდან მხოლოდ 14 ცნო.

თუმცაღა, ფიდესის კონსტიტუციის ყველაზე დიდი ნაკლი მაინც შეკავების და გაწონასწორების სისტემის უკიდურესი შეზღუდვა და ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ძალაუფლების განუსაზღვრელი მობილიზაციაა.

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ, ევროპარლამენტმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაცრად დაგმეს უნგრეთში მიმდინარე პროცესები, თუმცა საერთაშორისო კრიტიკას რეალური ცვლილება არ მოჰყოლია.

ახალი კანონმდებლობის პირველი სამიზნე სასამართლო სისტემა აღმოჩნდა. საკონსტიტუციო სასამართლოს - რომელსაც ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში საკანონმდებლო კონტროლის ფუნქცია ჰქონდა და ნებისმიერი კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობას ადგენდა - უფლებამოსილება შეეზღუდა და მოქალაქისთვის რთულად მისაწვდომი უსარგებლო ორგანო გახდა. სასამართლოს აღარ შეუძლია საბიუჯეტო და საგადასახადო კანონების კონსტიტუციურობის განხილვა, თუ ისინი კონკრეტულ ძირითად უფლებას არ არღვევენ. გარდა ამისა, გაიზარდა მოსამართლეთა რაოდენობა და სასამართლო მმართველი პარტიის მომხრეებით შეივსო. მსგავს პირობებში აღმოჩნდა ჩვეულებრივი სასამართლოც. უფრო მეტიც, ახალი კონსტიტუციის შესწორებით, პროკურატურას უფლება აქვს, აირჩიოს, თუ რომელი მოსამართლე განიხილავს მის მიერ წარმოებულ საქმეს.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ შეცვალა საარჩევნო ოლქების საზღვრები და საკუთარი მომხრეებით დააკომპლექტა ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ავტორიტეტული უნგრული კვლევითი ორგანიზაციის - საჯარო პოლიტიკის ფონდის, დასკვნით, ფიდესი საარჩევნო უბნების მსგავსი გადანაწილებით წინა ორ, წაგებულ, არჩევნებსაც კი მოიგებდა.

საკანონმდებლო ცვლილებების, განსაკუთრებული საკადრო პოლიტიკისა (მნიშვნელოვან პოზიციებზე მოხელეთა 9 წლით და მეტი ვადით დანიშვნის) და თავისუფალი მედიის შევიწროების გზით, ფიდესმა ფაქტობრივად დააკანონა საკუთარი მმართველობის უცვლელობა მომავალი წლების განმავლობაში.

სიტუაციას სხვაგვარად ხედავს პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც უნგრელებს „ყველაზე რთულად სამართავ ხალხს“ უწოდებს. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის კონსტიტუცია ბევრი ევროპელი ლიდერის შეხედულებების ანტითეზაა, ფიდესი უბრალოდ შეეცადა ქვეყანა უფრო „საპრეზიდენტო“ გაეხადა და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

ორბანი პოლიტიკაში 1980-იანი წლების მიწურულს ანტიკომუნისტური მოწოდებებით გამოჩნდა, ახალგაზრდა დემოკრატების ალიანსი დააარსა და 10 წლის შემდეგ პრემიერმინისტრის სავარძელიც მოირგო.

2000-იანების დასაწყისში ხელისუფლებაში მოსულმა ფიდესმა კომუნისტური მემკვიდრეობისგან საბოლოო გათავისუფლება გადაწყვიტა. ამავე პერიოდში დაიწყო საუბრები ლუსტრაციის კანონზე და იმატა ნაციონალიზმმა. „გადარქმევის პოლიტიკის“ ფარგლებში ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებს ეროვნული სახელწოდებები დაუბრუნდათ.

მიუხედავად მსგავსი კამპანიისა, უნგრეთის სოციალისტური პარტია ამ პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვან ძალად რჩებოდა. სწორედ მის ლიდერთან, ფერენც გურჩანისთან, დამარცხდა ორბანი 2006 წელს.

სულ მალე მედიაში გაჟონა სოციალისტური პარტიის დახურული შეხვედრის საიდუმლო ჩანაწერებმა, რომლებშიც პრემიერმინისტრი თანაპარტიელებს წლების განმავლობაში მოსახლეობის მოტყუებასა და უმოქმედობაში ადანაშაულებდა. აღშფოთებულ მოსახლეობას არ შეუწუხებია თავი იმის რკვევით, თუ ვინ და რა მიზნით გაავრცელა ჩანაწერები. დაიწყო მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები, რომელთა ნაწილი პოლიციამ არცთუ მშვიდობიანი გზებით დაშალა.

მალე, არაპოპულარული გურჩანი თანაპარტიელმა ბიზნესმენმა - გორდონ ბაინაიმ შეცვალა. ბაინაიმ გაზარდა გადასახადები, შეამცირა სამთავრობო ხარჯები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 25-მილიარდიანი კრედიტის დახმარებით, ქვეყნის ეკონომიკას კრიზისის დაძლევაში დაეხმარა.

მიუხედავად ამისა, 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სკანდალური ჩანაწერების გამო ჯერ კიდევ განაწყენებულმა მოსახლეობამ სოციალისტებს ზურგი აქცია და ფიდესმა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

მმართველი პარტიის გაძლიერებას ძლიერი ოპოზიციის არარსებობამაც შეუწყო ხელი. ერთი მხრივ, ულტრამემარჯვენე, ნეონაცისტური პარტია ჯობიკი, მეორე მხრივ კი - ყოფილი კომუნისტური ელიტის თავშესაფარი და 2006 წლის სკანდალით დისკრედიტებული სოციალისტები, უახლოეს მომავალში ხელისუფლების ცვლილებას ფაქტობრივად გამორიცხავს. ამ ფონზე, მმართველი პარტია ქვეყნის კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგებას უკვე ორი წელია აგრძელებს.

დღევანდელი უნგრეთი დასავლური სამყაროს ერთგვარი ექსპერიმენტია. ორბანი „დასავლური იალქნებისთვის“ მიმართულების მიცემას „აღმოსავლური ქარით“ ანუ აზიასთან ეკონომიკური დაახლოებით ცდილობს და ევროპის ისტორიის გადაფასების წინადადებით გამოდის. არატრადიციული კონსერვატიზმი, დასავლური მულტინაციონალური კომპანიებისთვის მკაცრი რეგულაციები, საპენსიო სისტემის ნაციონალიზაცია და საგადასახადო შეღავათები ოჯახებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დაძაბული ურთიერთობა და ხარჯშემკვეცი ზომების თავიდან ასაცილებლად ეკონომიკის გადაწყობა - ფიდესი ახალ პრეცედენტს ამკვიდრებს. კრიზისში შესული ევროპისთვის მაგალითის საჩვენებლად უნგრეთი მეტ დროს და თანასწორუფლებიან პარტნიორად მიღებას ითხოვს.

ევროპული კრიზისი ღრმავდება, ხოლო, დასავლეთიდან კრიტიკის ფონზე თუ მის გარეშე, უნგრეთის პოლიტიკური სტაბილურობა მინიმუმ 2014 წლამდე გარანტირებულია.

 

კომენტარები