მიხეილ სააკაშვილი

რუსეთი საქართველოს მიმართ პოლიტიკას ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც არ შეცვლის

რუსეთი არ დაუშვებს საქართველოს გაერთიანებას, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა კოალიციამ, რომელსაც მეთაურობს პოლიტიკოსი, რომელსაც მოსკოვთან თბილი ურთიერთობის მქონედ აღიქვამენ. ამის შესახებ, სააგენტო Reuters-ის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 22 ოქტომბერს, დუბაის მსოფლიო ენერგოფორუმზე ყოფნისას განაცხადა.

„ძირითადი რაღაცები არ იცვლება და სწორედ ასეთი ძირითადი რამაა ის, რომ რუსეთი ჩვენთან ტერიტორიებისთვის ბრძოლას გააგრძელებს“, - განუცხადა სააკაშვილმა რეპორტიორებს დუბაიში.

მისი თქმით, მოსკოვმა თავად განაცხადა, რომ არ აპირებს ამ მხრივ პოლიტიკის შეცვლას, რაც საქართველოს ახალ მთავრობას, მისი აზრით, ძალიან რთულ სიტუაციაში აყენებს.

„ეს არ არის დამოკიდებული პიროვნებაზე, რომელიც საქართველოს სათავეში იქნება, ეს პრინციპის საკითხია. რუსეთის პოლიტიკა მეზობლების დამოუკიდებლობასა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში მდგომარეობს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მისი პრეზიდენტობის უკანასკნელი წლის განმავლობაში საქართველო ალიანსის წევრობას კიდევ უფრო მიუახლოვდება:

„NATO-ს უკანასკნელი პირობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იყო. არჩევნები სწორედ ასე ჩატარდა, ეს ყველამ აღიარა, მაშასადამე საქართველო ამისათვის ჯილდოს იმსახურებს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

 

კომენტარები