რომან აბრამოვიჩი

რომან აბრამოვიჩმა ადვოკატს ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ჰონორარი გადაუხადა

ბრიტანული გაზეთი Sunday Times იუწყება, რომ ადვოკატმა ჯონათან სამპშნიმ საფეხბურთო კლუბ ჩელსის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის დაცვისთვის, რომელსაც სასამართლო დავა რუს ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისთან ჰქონდა, 7.8 მილიონი ფუნტი მიიღო.

BBC-ის ცნობით, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ადვოკატმა 5,8 მილიონი აბრამოვიჩის დაცვის მხარის მომზადებისა და სასამართლო პროცესზე დაცვის წარმოებისთვის მიიღო, ხოლო ორი მილიონი ფუნტი მას ჩელსის მფლობელის დაცვაზე დათანხმების გამო გადაუხადეს.

გამოცემის ინფორმაციით, ბორის ბერეზოვსკის ადვოკატმა შესრულებული სამუშაოსთვის აღნიშნულ თანხაზე ოთხჯერ ნაკლები, 1,8 მილიონი ფუნტი მიიღო.

გავრცელებული ცნობით, ჰონორარი, რომელიც ადვოკატმა სამპშნიმ გამოიმუშავა, ბრიტანეთის იურისპრუდენციის ისტორიაში რეკორდული თანხაა და ის უმაღლესი სასამართლოს 45 მოსამართლის წლიური ანაზღაურების ეკვილალენტურია.

ჯონათან სამპშნი 2011 წელს ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, თუმცა ამ დრომდე მას მოსამართლის თანამდებობა არ ეკავა. აღნიშნული პოსტით მან აგრეთვე, ლორდის ტიტული მიიღო.

რუსმა ბიზნესმენმა ბორის ბერეზოვსკიმ რომან აბრამოვიჩთან სასამართლო დავა აგვისტოში წააგო. საქმე ეხება სადავო 3 მილიარდ ფუნტს. ბორის ბერეზოვსკის მტკიცებით, აბრამოვიჩმა მას რუსული ზეთის კომპანიის აქტივების გაყიდვა დაბალ ფასში აიძულა.

როგორც წაგებული მხარე, ბერეზოვსკი ვალდებულია ორივე მხარისთვის გაწეული სასამართლო მომსახურებისთვის დაახლოებით 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსი ბიზნესმენი.

 

კომენტარები