დნესტრისპირეთის კონფლიქტი

მოსკოვის პირობები მოლდოვას

ოფიციალური მოსკოვი დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების საკუთარი ხედვის შესახებ  ახალი განცხადებით გამოვიდა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქ ტირასპოლში ყოფნისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთს მომავალში ხედავს როგორც „განსაკუთრებულ რაიონს განსაკუთრებული საერთაშორისო გარანტიებით, მოლდოვას ნეიტრალური სახელმწიფოს შემადგენლობაში“.

კარასინი ტირასპოლში რუსი სამშვიდობოების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჩავიდა. როგორც კარასინმა, ასევე დნესტრისპირეთის ლიდერმა ევგენი შევჩუკმა განაცხადეს, რომ სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლა და რეგიონიდან რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანა დაუშვებელია. ამგვარი მოთხოვნებით მოლდოვას ხელისუფლება გამოდის, რომელსაც სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლა სამხედროდან სამოქალაქო-პოლიციურზე სურს.

ამავე დროს, რუსული გაზეთი კომერსანტი, რუს დიპლომატებზე დაყრდნობით, წერს იმ პირობების შესახებ, რომელსაც მოსკოვი კიშინიოვს გაერთიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ უყენებს. პირველ რიგში ეს არის ნეიტრალიტეტი და NATO-ში გაწევრიანებაზე უარის „მტკიცე გარანტიები“. გარდა ამისა, მოლდოვამ „უსაფრთხოების გარანტიები“ უნდა მისცეს ქვეყნის რუსულენოვან მოსახლეობას. ასევე, ინკოგნიტო რუსი დიპლომატის თქმით, ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში „ლოგიკური იქნებოდა რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადების საკითხის დაყენებაც“.

 

კომენტარები