პროკურატურა

კახი კალაძის ანგარიშების დაყადაღების შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის კახი კალაძისთვის ანგარიშების დაყადაღების შესახებ 27 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

პროკურატურის ინფორმაციით, კალაძის საბანკო ანგარიშებზე ბოლო პერიოდში 6 მილიონამდე აშშ დოლარის ოდენობის თანხა ჩაირიცხა. ამასთან, ამავე ანგარიშიდან დროის მოკლე მონაკვეთში დიდი ოდენობით ნაღდი ფულის გადინება მოხდა, რაც პროკურატურამ საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციად მიიჩნია.

„კერძოდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კალაძის საბანკო ანგარიშიდან ეტაპობრივად განხორციელდა 1 600 000 ლარამდე თანხის ნაღდი ფულის სახით გატანა, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება. ამასთან არ არსებობს ზემოთ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებული რაიმე სახის სამოქალაქო გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი“

ამასთან, იმავე დროის მონაკვეთში კალაძის ანგარიშებიდან დამატებით საბანკო ანგარიშგების (უნაღდო) წესით ხორციელდებოდა სხვადასხვა პირადი და საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურება - საერთო ჯამში დაახლოებით 900 000 ლარის ოდენობით. პროკურატურის განცხადებით, ეს ადასტურებს რომ სამოქალაქო გარიგებებისას ან სხვა მიმდინარე ხარჯების დაფარვისას კახა კალაძე ანგარიშსწორებას ახორციელებს ჩვეულებრივად, საბანკო ანგარიშსწორების (უნაღდო ოპერაციების) მეშვეობით.

„შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის (1 600 000 ლარი) საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები