შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცაიშის ინციდენტში მონაწილე ორი პიროვნება დააკავა. აღნიშნულმა პირებმა, სამეგრელოში პრეზიდენტის ვიზიტისას ჟურნალისტებთან მოსაუბრე ქალბატონს, ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ტერიტორია.
,,დაკავებულთა მხრიდან ადგილი ჰქონდა მოქალაქე როზა წყაბელიას მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებას. დაკავებულებმა მოსახლეობის შეკრების ადგილიდან წყაბელია ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე მალიშავა ბაკური და გუგუჩია გია დაკავებული იქნენ პოლიციის მიერ და სასამართლომ მათ შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით. შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება და სამსახურიდან გაათავისუფლა ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი გელა ნარუშვილი, რომელიც შეესწრო აღნიშნულ ფაქტს , არ გაითვალისწინა კანონით მასზედ დაკისრებული მოვალეობა და არ აღკვეთა ზემო აღნიშნული ფაქტი."-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზუგდიდის რაიონის, სოფელ ცაიშის მკვიდრი, სოციალურად დაუცველი როზა წყაბელია ჟურნალისტებს საკუთარ გაჭირვებაზე ესაუბრებოდა, როდესაც მას ორი უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი მახლობლად არსებულ დევნილთა საცხოვრებლის სარდაფში ჩაკეტეს.
აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.




