ბონი და კლაიდი

ბონისა და კლაიდის იარაღები შესაძლოა 200,000 დოლარად გაიყიდოს

ცნობილი ამერიკელი მძარცველებისა და მკვლელების წყვილის, ბონისა და კლაიდის იარაღები, შესაძლოა, აუქციონზე 200,000 ამერიკულ დოლარად გაიყიდოს. ბონი ელიზაბეთ პარკერი და კლაიდ ჩესნათ ბაროუ 1934 წელს ტეხასელ და ლუიზიანელ ოფიცრებთან შეტაკებისას დაიღუპნენ და აუქციონისთვის გამზადებული იარაღები სწორედ მაშინ ჰქონდათ ხელთ.

აუქციონი სავარაუდოდ 30 სექტემბერს გაიმართება. კოლტის ფირმის იარაღების გარდა გამოტანილი იქნება ოქროს ჯიბის საათი, რომელსაც კლაიდი ატარებდა და ბონის კოსმეტიკა.

1930-იან წლებში ბონი და კლაიდი ამერიკის სამხრეთ და ცენტრალურ შტატებში „მოღვაწეობდნენ“. ისინი ძარცვავდნენ ბანკებს, იპარავდნენ მანქანებს, კლავდნენ პოლიციელებს, მედიას კი იმით ხიბლავდნენ, რომ დანაშაულის ადგილზე ფოტოებს ტოვებდნენ.

წყვილი დიდი დეპრესიის პერიოდში გახდა პოპულარული, როდესაც ადამიანები უკიდურესად უარყოფითად უყურებდნენ ბანკებსა და კორპორაციებს. ეს იყო ბონისა და კლაიდის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი.

თუმცა წყვილის შესახებ არსებული მითები 1934 წელს გაქარწყლდა. მაშინ ბონიმ და კლაიდმა ორი ახალგაზრდა ტეხასელი პატრული დახოცეს. მედიამ წყვილს ზურგი აქცია. საბოლოოდ, ბონი და კლაიდი იმავე წელს, 23 მაისის დილას ლუიზიანას შტატში ადგილობრივმა და ტეხასელმა ოფიცრებმა მოკლეს. კლაიდი 25, ბონი კი 23 წლის იყო.

კომენტარები