ევროპის ლიგა

ტორპედო 1:1 აქტობე (ყაზახეთი)

ქუთაისის ტორპედო ექვსწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა ევროპის საკლუბო ტურნირებს: 2005-06 წლების სეზონში, უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იმერული კლუბი ბელარუსის ბატესთან ორი მატჩის ჯამში 0:6 დამარცხდა (0:1 თბილისში, 0:5 ბორისოვოში).

თამაშში, რომელიც დიდებული ქართველი ფორვარდის რამაზ შენგელიას ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, გია გეგუჩაძის გუნდმა კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, თუმცა შემდეგ წრეში გასვლის შანსი მაინც შეინარჩუნა - 1:1 შინ სასურველი შედეგი ნამდვილად არაა, მაგრამ არც მეტოქეა უძლეველი.

მოსაწყენ პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი აქტობეს მოთამაშეებმა შექმნეს: 37-ე წუთზე მარატ ბიკმაევი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, საჯარიმოს მიახლოვებულმა საწინააღმდეგო მხარეს სეხნია ხაირულინისთვის სცადა ბურთის მიწოდება, თუმცა ტორპედოს კაპიტანმა დავით გამეზარდაშვილმა ბოლო მომენტში ჩაჭრა პასი - ბურთი კუთხურზე მოიგერია. გეგუჩაძის გუნდი აშკარა გოლს გადაურჩა.

შესვენების შემდეგ ორი გოლი გავიდა. 62-ე წუთზე ნიკა საბანაძემ გახსნა ანგარიში - ძლიერად დაარტყა, ბურთი ყაზახთა კარის ძელმა აისხლიტა, მაგრამ მეკარე ჟასურ ნარზიკულოვს თავში მოხვდა და კარში შევარდა - 1:0.

ზუსტად ოც წუთში ტორპედოს ფეხბურთელებს მეტოქის მორიგი კონტრიერიში გამოეპარათ და დაისაჯნენ: ემილ კენჟისარიევმა მარცხენა ფლანგიდან შეუტია, კარის გასწვრივ ჩააწოდა, იქ კი ყველას მარატ ბიკმაევმა ყველას აჯობა - 1:1.

„ტორპედო ტექნიკური და კარგად ორგანიზებული გუნდია, კარგი შემსრულებლებიც ჰყავს, თუმცა დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ სეზონისთვის მზადება ახლა დაიწყო. 1:1 ჩვენთვის მისაღები ანგარიშია, თუმცა იოლ მატჩს არც შინ ველით,“ - განაცხადა აქტობეს მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ მუხანოვმა.

„ველოდით, რომ მძიმე თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა. უკეთესი იქნებოდა მოგვეგო, მაგრამ 1:1-იც არაა ტრაგედია. არ ვთვლი, რომ ამ შედეგით შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეგვიმცირდა - მართალია წინ უფრო დაძაბული თამაში გველის, მაგრამ ჩემი აზრით, შანსები თანაბარია,“ - ეს უკვე ქუთაისელთა თავკაცის გია გეგუჩაძის სიტყვებია.

საპასუხო მატჩი 12 ივლისს გაიმართება, წარმატების შემთხვევაში კი ქუთაისელთა მეტოქე მოლდოვის მილსამი იქნება, რომელიც შარშან თბილისის დინამომ ორჯერ დაამარცხა.

* * *

5 ივლისი, 2012. ევროპის ლიგა, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. ქუთაისი, ცენტრალური, 8500

ტორპედო 1:1 აქტობე (აქტობე, ყაზახეთი)

გოლები: 1:0 ნ.საბანაძე (62), 1:1 მ.ბიკმაევი (82)

ტორპედო: ო.მიგინეიშვილი, დ.გამეზარდაშვილი (კაპ), გ.გურული, ნ.საბანაძე, გ.კუხიანიძე (გ.ფანცულაია 81), დ.დიღმელაშვილი, გ.დოლიძე (გ.იოსელიანი 75), გ.დათუნაიშვილი, რ.გოცირიძე (ვ.ბოლქვაძე 58), დ.რიგვავა, ა.კვახაძე

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

აქტობე: ჟ.ნარზიკულოვი, ს.სმაკოვი (კაპ), ლ.ბაიერი (ს.ლისენკოვი 90), მ.ხაირულინი, ე.კენჟისარიევი, ი.ლოგვინენკო, ა.კლიმავიჩიუსი (პ.ბადლო 76), ს.კოვალჩუკი, ა.გეინრიხი (ა.ზემლიანუხინი 28), მ.ბიკმაევი, ტ.კაპაძე

მწვრთნელი: ვლადიმერ მუხანოვი (რუსეთი)

გაფრთხილება: ი.ლოგვინენკო, დ.რიგვავა, დ.დიღმელაშვილი, ა.კლიმავიჩიუსი, გ.გურული

მსაჯები: თ.იოზქალფა; ს.ოქი, ქ.სათმანი (თურქეთი)

კომენტარები