საქართველო–რუსეთი

სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმის ბოლო მოსმენა გაიმართება

სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმის ბოლო მოსმენა დღეს გაიმართება. სასამართლოში რუსეთის მიერ დეპორტირებულ ქართველთა საქმეზე ბოლო განხილვა შედგება.

დღევანდელი მოსმენით საქმეზე პროცედურული და შინაარსობრივი მუშაობა დასრულდება, სტრასბურგის სასამართლო კი გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გამოაცხადებს.

"ჩვენი დავის მთავარი ხაზი არის ის, რომ რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა დადგეს ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნისა და მათი დეპორტაციისთვის, ასევე ამ პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.“ – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა.

მისი თქმით, ქართული მხარე აგრეთვე, ყველა იმ პირის მიმართ კომპენსაციის გადახდას ითხოვს, ვინც რუსეთის პოლიტიკის გამო დაზარალდა.

საბოლოო განხილვის დაწყებამდე ქართული დელეგაციის წევრები ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდებიან.

საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 2006 წელს ფედერაციიდან ქართველების უკანონო დეპორტაციას ეხება. ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს 2007 წელს მიმართა.

კომენტარები