ფინანსური ბაზარი

განვითარებადი ბაზრებიდან კაპიტალი გაედინება

ევროკავშირსა და ჩინეთში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობით შეშფოთებული ინვესტორებს განვითარებადი ბაზრების სარისკო აქციებიდან კაპიტალდაბანდებები გააქვთ. EPFR Global-ის მოხსენების თანახმად, რუსეთის ფონდებმა ერთ კვირაში 40 მილიონი დოლარი დაკარგეს.

აღნიშნულ პერიოდში განვითარებად ბაზრებზე ორიენტირებულმა ფონდებმა 857 მილიონი დოლარის გადინება დააფიქსირეს, შედინების მაჩვენებელი კი მხოლოდ 50 მილიონი იყო. „ბრიკის“ ქვეყნებს შორის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი) ყველაზე საგრძნობი დანაკარგი ჩინეთის ფონდებმა განიცადეს - ინვესტორებმა ერთ კვირაში 243 მილიონი დოლარი გაიტანეს, რადგან შეშფოთებულნი არიან ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპების შესუსტებით.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბაზრებზე სტაგნაცია კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება, რადგან ევროპაში სიტუაციის გაუმჯობესების ნიშნები ჯერჯერობით არ შეიმჩნევა და ჩინეთის ეკონომიკის მიმართაც გარკვეული შეშფოთებები რჩება.

 

კომენტარები