Life

Guide 20 – 26 თებერვალი

პირქუში კოლეჯის როკის აუტანელი სიმსუბუქე – ასე შეიძლება ვუწოდოთ Cloud Nothings-ის ახალ ალბომს, Attack On Memory. დილან ბალდიმ მუსიკის შექმნა უნივერსიტეტში 2009 წელს დაიწყო, ისე, ლექციებს შორის თავის შესაქცევად.  ახლახან კი უკვე მესამე სტუდიური ალბომი გამოუშვა. Pitchfork მედიამ Attack On Memory უკვე შეიყვანა საუკეთესო ახალი ალბომების სიაში. ინდიში არეული ცოტა გრანჟი, ცოტაც ფანკ-როკი და პოპ-პანკი და ბალდისეული ესთეტიკის ფორმულაც მზადაა. სიმსუბუქის წყალობით, მისი ამოხსნის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება.

 კოქტეილის ბეჭედი იუველირთა ექსტრავაგანტური იდეების ნაყოფი და პატარა შავი კაბის შესანიშნავი დამატებაა. ამ ტრენდის დაბადებიდან თითქმის საუკუნე გავიდა, ის კი დღემდე აქტუალურია. თუ მას ადრე წვეულებებსა და ჩაის ცერემონიებზე ატარებდნენ, ახლა ყოველდღიურობაშიც დაიმკვიდრა ადგილი. ჟივანში, ივ სენ ლორანი, რობერტო კავალი კი კოქტეილის ბეჭდებს საინტერესო დიზაინით გვთავაზობენ.

როცა საქმე სამკუთხედს ეხება, არაფერია მარტივი. ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, თუ საუბარი კარლ იუნგის, ზიგმუნდ ფროიდისა და მომხიბვლელი პაციენტის, საბინა შპილრეინის ურთიერთობაზეა. რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დევიდ კრონენბერგმა “სახიფათო მეთოდი” გადაიღო, რომელმაც უკვე მოასწრო სხვადასხვა ფესტივალებზე ჯილდოების მიღება. ფილმში კირა ნაითლი, ვიგო მორტენსენი, მაიკლ ფასბენდერი და ვენსან კასელი თამაშობენ.

 

 

 

 

კომენტარები