საქართველო რეგიონის ცენტრად დამკვიდრებას განაგრძობს. ეს ადვილი მიზანი არ არის – განსაკუთრებით, 2009 წლის ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, რომელიც გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, აგვისტოს ომმა კიდევ უფრო გააღრმავა: 2004-2007 წლებში საშუალო ზრდა 10.5% იყო. შარშან, ეკონომიკურმა ზრდამ 1.6-ჯერ ნაკლები – 6.5% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ორციფრა ტემპის დასაბრუნებლად, საქართველოს მთავრობამ კორეის მაღალტექნოლოგიური გამოცდილების გაზიარება გადაწყვიტა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის უახლესი ინდექსის მიხედვით, კორეა ტექნოლოგიური მზაობის კუთხით, მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა. პატენტების რაოდენობის, უცხოური ბაზრის ზომის, სატელეფონო ქსელის დაფარვის მიხედვით ხუთეულში, ხოლო კვლევასა და განვითარებაზე დახარჯული კერძო სახსრების, ინფრასტრუქტურის ხარისხის და ადგილობრივი კონკურენციის ინტენსივობის მიხედვით – ოცეულში შედის.
კორეის საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწაული 1980-იანი წლების დასაწყისში იწყება. მაშინ ეგონათ, ქვეყანა სატელეფონო კომუტაციის ტექნოლოგიის დანერგვას ვერ შეძლებდა. კორეამ ეს მოახერხა – მაღალი ტექნოლოგიების სფეროს ელვის სისწრაფით ავითარებს. ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით კორეა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა: 2012 წლისთვის იგი ინტერნეტის სისწრაფის 10-ჯერ – წამში 1 მილიარდ ბიტამდე გაზრდას გეგმავს. ამ მოცემულობით ქვეყანა ამერიკაზე წინაა: ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ 2012 წლისათვის, ამერიკის ყოველ ოჯახს წამში 100 მილიონი მეგაბიტის სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობა შეეძლებოდა. კორეულ ოჯახებს ამ სისწრაფის ინტერნეტი უკვე აქვთ.
ქვეყნის მასშტაბით არსებული ინტერნეტის ბოჭკოვანი ქსელი და მსოფლიოში პირველი WiBro ტექნოლოგია, რომელიც ადამიანს მოგზაურობის დროსაც კი შესაძლებლობას უქმნის, ინტერნეტთან წვდომა შეინარჩუნოს – კორეის ინფრასტრუქტურული განვითარების რამდენიმე მაგალითია. WiBro ტექნოლოგიის ავტორი სამხრეთ კორეის ტელეკომ ინდუსტრიაა. მაღალტექნოლოგიურმა გარღვევამ კორეას შესაძლებლობა მისცა, ქვეყანაში ფესვგადგმული სიღატაკე რამდენიმე ათწლეულში წარმატებით დაეძლია. საქართველოს ინტერესი კორეის მიმართ ცალმხრივი არ არის: ამ ქვეყანას საქართველოს ჰიდროენერგო სექტორი იზიდავს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, განახლებადი ენერგიის სფერო საქართველოს კონკურენტული უპირატესობაა. UNDP-ს უახლესი კვლევის მიხედვით, ქვეყანაში 26 ათასზე მეტი მდინარეა – სახელმწიფოს 15 ათასი მეგავატის ოდენობის ჰიდროელექტროენერგიის წარმოების პოტენციალი აქვს. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, ქვეყანა ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 18%-ს იყენებს. UNDP-სა და გერმანული საინვესტიციო ბანკის KfW დაფინანსებით, ქვეყანამ აპრილში, მცირე ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის, 5 მილიონი ევრო მიიღო. კორეის მხარე საქართველოში რამდენიმე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გეგმავს.




