ქართული ეკონომიკის მაჩვენებლები

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი გაუარესდა

ფრეიზერის ინსტიტუტის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2007 წლიდან მოყოლებული 2 წლის მანძილზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საშუალოდ 1.1-ჯერ შემცირდა. 2011 წლის კვლევის თანახმად, რომელიც 2009 წლის მონაცემებს აანალიზებს, საქართველოს პოზიცია რეიტინგში 4 ადგილით გაუარესდა: 141 ქვეყანას შორის, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 95% ცხოვრობს, საქართველომ 23-ე ადგილიდან 27-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. უშუალო მეზობლებთან შედარებით – აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და თურქეთი – ქვეყანა, საშუალოდ, 35 ადგილით წინაა.

ფრეიზერის ინსტიტუტის 2011 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს ძლიერ მხარეებს შორის შრომითი ბაზარი, დაბალი გადასახადები და ბიზნესის რეგულირებაა. სუსტ მხარედ სამართლებრივი სისტემა და კერძო საკუთრების დაცულობა მიიჩნევა. ეს კომპონენტი 2010 წლის კვლევასთან შედარებით, უმნიშვნელოდ (1.01-ჯერ), მაგრამ მაინც გაუმჯობესდა. კვლევის მიხედვით, ამ გაუმჯობესების მთავარი მიზეზი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერებაა (საშუალოდ 1.2-ჯერ).

2010 წლის კვლევასთან შედარებით, ახალ ანგარიშში, მთავრობის ზომის, საერთაშორისო ვაჭრობის და სამეწარმეო, შრომითი და საკრედიტო ბაზრების რეგულირების კომპონენტები, საშუალოდ, 0.32 პუნქტით გაუარესდა. სასამართლო წყობა, კერძო საკუთრების დაცულობა და მყარი ვალუტის ხელმისაწვდომობის კომპონენტები, საშუალოდ, 0.11 პუნქტით გაუმჯობესდა.

ამ მაჩვენებლებით საქართველო ქვეყნების პირველ მეოთხედში ხვდება. ფრეიზერის ინსტიტუტის კვლევა აჩვენებს, რომ ამ სახელმწიფოების მშპ 1990-2009 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3.07%-ით იზრდებოდა – მაშინ, როცა ბოლო მეოთხედში მოხვედრილი ქვეყნებისთვის ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა იმავე პერიოდში 2.6-ჯერ ნაკლები – 1.18% – იყო.

პირველ მეოთხედში შემავალი ქვეყნების მოსახლეობის უღარიბესი 10%-ის საშუალო შემოსავალი 8.7 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. ბოლო მეოთხედში მოხვედრილი ქვეყნებისა კი – 8.2-ჯერ ნაკლები ანუ 1.1 ათასი აშშ დოლარი იყო. მეტიც, პირველ მეოთხედში შემავალი ქვეყნების მოსახლეობის უღარიბესი 10%-ის საშუალო შემოსავალი თითქმის ორჯერ აღემატება ბოლო მეოთხედის ქვეყნების საერთო შემოსავალს ერთ სულზე (4.5 ათასი აშშ დოლარი): ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებში უღარიბესი მოქალაქეებიც კი თითქმის ორჯერ უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ეკონომიკურად ყველაზე ნაკლებად თავისუფალი ქვეყნების საშუალო ფენის წარმომადგენლები. ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობაც 1.3-ჯერ მეტია, ხოლო მათი რაოდენობა, ვისაც ყოველდღიურად თავის გატანა მხოლოდ 1.25 აშშ დოლარის ამარა უხდება – 15.4-ჯერ ნაკლები. 2009 წლის მონაცემებით (ეს არის ბოლო ფაქტები, რომელსაც 2011 წლის კვლევა აანალიზებს), პირველ მეოთხედში შემავალი ქვეყნების საშუალო მშპ ერთ სულზე 31.5 ათასი აშშ დოლარია, რაც ბოლო მეოთხედის ქვეყნებთან შედარებით (4.5 ათასი აშშ დოლარი) 6.9-ჯერ მეტია.

ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასებით, „რამდენიმე ქვეყანამ, რომლებსაც წლების განმავლობაში გეგმიური ეკონომიკა ჰქონდათ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია”. რვა მათგანი – საქართველო, სლოვაკეთი, ესტონეთი, ალბანეთი, მონღოლეთი, უნგრეთი, ლიტვა და ბულგარეთი – დღეს რეიტინგის 50-ეულში შედიან. ამ ქვეყნებში უფრო მაღალი ეკონომიკური თავისუფლებაა, ვიდრე, მაგალითად, შვედეთსა და საფრანგეთში.

მსოფლიოში ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ჰონგ-კონგია, 9.01 ქულით (10 ქულიდან). ათეულში ასევე შედიან: სინგაპური (8.68); ახალი ზელანდია (8.20); შვეიცარია (8.03); ავსტრალია (7.98); კანადა (7.81); ჩილე (7.77); გაერთიანებული სამეფო (7.71); მავრიკი (7.67) და აშშ (7.60).
ფრეიზერის ინსტიტუტის კვლევის შეფასებით, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ – აშშ-მა – ეკონომიკური თავისუფლების კუთხით ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა. მისი ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 2000 წლის 8.45-დან – 2009 წელს 7.58 პუნქტამდე დაეცა. შესაბამისად, რეიტინგში აშშ-მა მსოფლიოში მესამე ადგილიდან მეათე ადგილზე გადაინაცვლა. კვლევის შეფასებით, ამ ვარდნის უდიდესი წილი, ერთი მხრივ, მთავრობის გაზრდილ ზომასა და ვალზე და მეორე მხრივ, სასამართლო წყობისა და საკუთრების უფლებების გაუარესებულ მაჩვენებელზე მოდის.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი იმ ქვეყნების კანონებსა და ინსტიტუტებს აფასებს, რომლებიც ეკონომიკურ თავისუფლებას უჭერენ მხარს. ეკონომიკური თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია – ინდივიდუალური არჩევანი, თავისუფალი გაცვლა, კონკურენციის თავისუფლება და კერძო საკუთრების დაცულობა. კვლევა 42 ცვლადს მოიცავს, რომლებიც 5 უფრო მსხვილ კომპონენტში ერთიანდება. ესენია: მთავრობის ზომა: ხარჯები, გადასახადები და სახელმწიფო საწარმოები; სასამართლო სისტემა და საკუთრების უფლებების დაცვა; მყარი ვალუტის ხელმისაწვდომობა; თავისუფალი ვაჭრობა და სამეწარმეო, შრომისა და საკრედიტო ბაზრის რეგულირება.

თითოეულ ამ კომპონენტს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის შეფასებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
რაც უფრო მცირეა მთავრობის ზომა, დაბალია გადასახადები და ბაზარზე მეტი კერძო მოთამაშეა, მით მაღალია ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი. მაგალითად, როცა ის უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ცალკეული ინდივიდები, ოჯახები თუ ბიზნესები, მთავრობა ყველა დანარჩენის მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს და, შესაბამისად, ეკონომიკური თავისუფლებაც მცირდება. ანაც – როცა მთავრობა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გადასახადებს იმისთვის უზრდის, რომ სხვა ნაწილს შეღავათები დაუწესოს, ის ამით ინდივიდებს უფლებას უსპობს, დააგროვონ ის, რაც გამოიმუშავეს.

კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს განსაზღვრავს. ურთიერთგაცვლის თავისუფლებას აზრი ეკარგება, როცა კერძო საკუთრება დაცული არ არის: ინდივიდებსა და ბიზნესებს არ სჯერათ, რომ კონტრაქტი მართლაც აღსრულდება და მათი შრომის ნაყოფი დაცული იქნება, შესაბამისად, მუშაობის მოტივაცია უქრებათ.
რაც უფრო დაბალია (და სტაბილურია) ინფლაცია და ნაკლებია რეგულაცია, რომელიც ალტერნატიული ვალუტის გამოყენების შესაძლებლობას ზღუდავს, მით უფრო მაღალია ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი. მყარი ვალუტა საკუთრების უფლებების დაცვისა და, ამდენად, ეკონომიკური თავისუფლების აუცილებელი პირობაა. ინფლაცია აუფასურებს ქონების ღირებულებას. როცა მთავრობა ფულს საკუთარი გადახარჯვის დასაფინანსებლად ბეჭდავს, ის ამას საკუთარი მოქალაქეების ქონებისა და ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე აკეთებს.
დაბალი ტარიფების პირობებში, ნაკლებია საბაჟო რეგულაციები და კაპიტალის მიმოქცევაზე კონტროლი, ასევე, ადვილია ვალუტის გაცვლა – შესაბამისად, ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი მაღალია. ტარიფები და კვოტები საერთაშორისო ვაჭრობის ყველაზე თვალსაჩინო ბარიერებია. თუმცა არსებობს სხვა ფარული ადმინისტრაციული შეზღუდვებიც, რომლებიც ვალუტის გაცვლით კურსზე და კაპიტალის მიმოქცევაზე გავლენას ახდენს.

რაც უფრო თავისუფალია ბაზარი, ნაკლებია მასზე მთავრობის ჩარევა და პროტექციონიზმი, მით მაღალია ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი. როცა რეგულაციების შედეგად გართულებულია ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლა, თავისუფალი ურთიერთგაცვლის პროცესი ირღვევა. ეს ეკონომიკურ თავისუფლებას ამცირებს. ურთიერთგაცვლა შრომითი ბაზრის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია: როცა მთავრობა, სამსახურში აყვანისა და დათხოვნის წესებს არეგულირებს ან ხელფასის მინიმალურ ოდენობას აწესებს, ბაზარი და თავისუფლებაც შეზღუდულია.
ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, ყველაზე შეზღუდული ქვეყნების ათეულში მოხვდნენ: ზიმბაბვე (4.08); მაიანმარი (4.16); ვენესუელა (4.28); ანგოლა (4.76); კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (4.84); ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (4.88); გვინეა-ბისაუ (5.03); კონგოს რესპუბლიკა (5.04); ბურუნდი (5.12) და ჩადი (5.32).

კომენტარები